გიორგი მარგველაშვილმა და კრისტინ ლაგარდმა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს
საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდის სათაო ოფისში სავალუტო ფონდის პრეზიდენტს კრისტინ ლაგარდს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა და კრისტინ ლაგარდმა საქართველოში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელთან კრისტინ ლაგარდთან. შეხვედრისას განიხილეს უმნიშვნელოვანესი საკითხები ქვეყნის შემდგომი განვითარების, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის შესახებ. საგარეო შოკების მიმართ ქვეყნის მდგრადობის გაძლიერებასთან დაკავშირებით განხილული იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობა.
ცხადია, საუბარი შეეხო საქართველოს ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია, საქართველოს ეროვნული ბანკის და მთავრობის კოორდინირებული მუშაობა, მაგრამ ასევე აუცილებელია, შენარჩუნდეს და დაცული იყოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.
საუბარი შეეხო მომდევნო წელს ეროვნული ბანკის მმართველის ცვლილების საკითხსაც. აქ ფონდის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ პროცესს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით, როდესაც არასამთავრობო სექტორის და დარგის სპეციალისტების ჩართულობით ღიად და გამჭვირვალედ ხდება კანდიდატების შერჩევა“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ფონდის პრეზიდენტს ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.