არჩილ გამზარდია: “რუსთავი 2“ პარტიული ტელევიზიაა, რომელსაც მედიის მიზნებთან საერთო არაფერი აქვს

დღევანდელი “რუსთავი 2“-ის მხარდაჭერა ნიშნავს ფული გადაურიცხო გირგვლიანის, რობაქიძის და სხვების მკვლელების “გაპრავებას”-ასე ეხმაურება ექსპერტი არჩილ გამზარდია ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. გამზარდია შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს. “ტელეკომპანია “იბერიის” დარბევა, “იმედის” დარბევა და მფლობელების გაძევება, ტელეკომპანია “მზის” მფლობელების უცნაური შეცვლა და შემდეგ მის შენობაში ტაბულას გადასვლა, “რუსთავი 2”-ის ძველი მფლობელების გაძევება… და ა.შ. ეს ყველაფერი არ იყო თავის დროზე სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ წასვლა და ახლა ლეგალური შეკითხვების არსებობაა სიტყვის თავისუფლების შელახვა? ყოფილი გენერალური პროკურორი, რომლის მოღვაწეობასაც უკავშირდება არაერთი შეკითხვა რომ სიტყვის თავისუფლებაზე დაიწყებს საუბარს, ეს ცინიზმია.
საერთო არაფერი აქვს “რუსთავი 2“-ის ამბავს მედიის თუ სიტყვის თავისუფლებასთან. დღევანდელი “რუსთავი 2“-ის მხარდაჭერა ნიშნავს ფული გადაურიცხო გირგვლიანის, რობაქიძის და სხვების მკვლელების “გაპრავებას”, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო პოლიტიკას, მედიის აბსოლუტურ პოლიტიზირებას, ძველი ხელისუფლების დაბრუნების შესაძლებლობას და ა.შ. კარგად უნდა დავფიქრდეთ, სანამ “რუსთავი 2“-ის მხარდაჭერა მედიის მხარდაჭერაში აგვერევა, ეს პარტიული ტელევიზიაა, რომელსაც მედიის მიზნებთან საერთო არაფერი აქვს“,-წერს არჩილ გამზარდია.
რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ თავისი გადაწყვეტილებით “რუსთავი 2″ დახურა. აღნიშნული განცხადება მან ტელეკომპანიის ეზოში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. “გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, ხელისუფლებამ “რუსთავი 2″-ის დახურვით დაიწყო. არ მოგატყუოთ იმან, რასაც ახლა ხედავთ ტელეეთერებში. ის, რომ ჩვენ მაუწყებლობას ვაგრძელებთ, არ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ყველაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ ეს მაუწყებლობა შევწყვიტოთ. დღეს, როგორც არასდროს ჩვენ ახლოს ვართ ამ მაუწყებლობის შეწყვეტასთან”, – განაცხადა გვარამიამ. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ტელეკომპანიას გადაკეტილი აქვს ყველა ფინანსური არხი, რომელსაც ალტერნატივის შემთხვევაში იყენებდნენ. ამასთან ტელეკომპანიის დირექტორმა საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები