ყირიმის რეფერენდუმის მიხედვით, მოსახლეობის 96% რუსეთთან მიერთების მომხრეა
ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის ბიულეტენების 75 პროცენტი დათვლილია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მოსახლეობის თითქმის 96-მა პროცენტმა მხარი ყირიმის რუსეთთან მიერთებას დაუჭირა. რეფერენდუმის შედეგებს მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნავდნენ სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში. ქალაქებში, ადმინისტრაციულ შენობებთან ათასობით ადამიანი გამოვიდა. სიმფეროპოლში გამართულ აქციაზე შეკრებილებს შედეგები ყირიმის პრემიერმა მიულოცა. სერგეი აქსენოვის გამოჩენისას ლენინის მოედანზე მოწყობილ სცენაზე რუსეთის ჰიმნი იმღერეს. “ყირიმში რეფერენდუმისას არაერთი დარღვევა დაფიქსირდა”, – ეს განცხადება უკრაინის საარჩევნო კომიტეტის ყირიმის განყოფილების უფროსმა გააკეთა. მისი თქმით, ამომრჩეველი სიებში რეფერენდუმის დღესვე, უბნებში შეჰყავდათ. ხმის მიცემა მოსახლეობას რუსული პასპორტითაც შეეძლო, სიებში ე.წ. მკვდარი სულებიც იყო. საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებს ყირიმის საარჩევნო კომიტეტი. კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროცესი დარღვევების გარეშე ჩატარდა და არცერთი საჩივარი ამ დრომდე არ შესულა. რეფერენდუმს ყირიმში თვალყურს არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ ადევნებდა.