გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენთვის სულისშემძვრელია ის საფრთხე, რასაც კუნძულოვანი სახელმწიფოები განიცდიან
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ინიციატივით გამართულ ღონისძიებაში “Climate And Security the Foreign Policy Dimension of Climate Change” მიიღო მონაწილეობა.
გიორგი კვირიკაშვილმა კოლეგა მინისტრებს გამოუცხადა საქართველოს სრული მხარდაჭერა იმ გლობალური ინიციატივის მიმართ, რაც მსოფლიოში კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება.
მან ასევე სრული მხარდაჭერა გამოხატა იმ კუნძულოვანი სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც კლიმატური ცვლილებების გამო არსებობის საფრთხის წინაშე დგანან.
“მინდა გამოგიცხადოთ სრული მხარდაჭერა იმ საკითხის მიმართ, რაც წამოჭრეს საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, კერძოდ ის რომ გარემოსდაცვითი ცვლილებები გავლენას ახდენს, როგორც გლობალურ, ასევე ცალკეული ქვეყნების უსაფრთხოებაზე.
მსურს მოვიყვანო საქართველოს მაგალითი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გადაიტანა სერიოზული წყალდიდობა, რამაც შეიწირა 23 ადამიანის სიცოცხლე, გაანადგურა ზოოპარკის ბინადარნი და ქვეყანას მოუტანა მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი.
ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე, მის მომავალზე. საქართველომ საკმაოდ გულთბილი ურთიერთობა დაამყარა წყნარი ოკეანის ბევრ პატარა ქვეყანასთან, ჩვენთვის აბსოლიტურად სულისშემძვრელია ის ეგზისტენციალური საფრთხე, რის წინაშეც ეს სახელმწიფოები დგანან კლიმატური ცვლილებების გამო. სწორედ ამიტომ სრულად ვუჭერთ მხარს გარემოსდაცვით საკითხებზე სამიტს, რომელსაც პარიზი წლის ბოლოს უმასპინძლებს. არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანა დიდია თუ პატარა, ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ პრობლემის გარშემო”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ღონისძიებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორენ ფაბიუსი და გერმანიის საგარეო სამეთა მინისტრები ფრანც ვალტერ შტაინმაიერი უძღვებოდნენ. გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს ქართველ კოლეგას ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.