შსს-ს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდნენ

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, ს/პ პოლკოვნიკი გიორგი ტურიაშვილი და უწყების სხვა წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდნენ.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დელეგაციამ ტეხასის შტატის სასაზღვრო სექტორები და მწვანე საზღვრის სადგურები მოინახულა.
ქართველი სტუმრები ამერიკის სასაზღვრო პატრულის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და აშშ-ს მწვანე საზღვრებზე საპატრულო ოპერაციების მართვის თავისებურებები და პრაქტიკული გამოცდილება გაიზიარეს.
ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური შეხვედრები აშშ-ს სახელმწიფო უსაფრთხოების და სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლებთან გაიმართა.
ქართული დელეგაციის წევრებმა ამერიკელ კოლეგებს საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თავიანთი საჭიროებები გაუზიარეს. ასევე გაიმართა შეხვედრები ამერიკის საბაჟოსა და საზღვრის დაცვის ვაშინგტონის შტაბ-ბინაში.
ვიზიტი „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
მისი მიზანია საქართველოს საზღვრის დაცვის სტრატეგიის გაუმჯობესება, არსებული ხარვეზების იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა, მწვანე საზღვარზე რეაგირების ზომების შეფასება, საზღვრის დაცვის პერსონალისათვის საჭირო ტრენინგების განსაზღვრა, ადამიანური რესურსების ეფექტურად გამოყენება და გამჭვირვალე მმართველობა, საფრთხეების შეფასება და სპეციალური ოპერაციებისა და საგანგებო სიტუაციების მართვა. აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს საზღვრების ეფექტურ კონტროლს, რაც რეგიონში საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები