ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა. სესია ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში თბილისის დროით, დაახლოებით 18:00 საათზე გაიხსნება.
ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა, მათ შორის გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდთან, დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერთან, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებთან. საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტ ობამას პატრონაჟით ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების და ძალადობისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ლიდერთა სამიტზე.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე დაესწრო პრეზიდენტ ობამასა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა გაეროს სამიტზე, თემაზე – 2015 წლის შემდგომი განვითარება, ასევე, მონაწილეობას მიიღო მსოფლიო ლიდერების შეხვედრაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე, SDG სამიტის ინტერაქტიულ დიალოგში, თემაზე – დედამიწის დაცვა და ბრძოლა კლიმატურ ცვლილებებთან.
საქართველოს მთავრობის მეთაური, კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, კლინტონის გლობალური მოქალაქის დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, ასევე სიტყვით გამოვიდა ეკონომიკურ ფორუმზე – Georgia-Making Business Easy.
ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ნიუ-იორკში 25 სექტემბერს გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები