საქართველოს პარლამენტს სიმსივნით დაავადებული ბავშვები ეწვივნენ
საქართველოს პარლამენტს, „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის” ინიციატივით ორგანიზებული „სიცოცხლის ფესტივალის” ფარგლებში, ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები ეწვივნენ.
როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, პარლამენტმა დღეს გამორჩეულ სტუმრებს უმასპინძლა. „პარლამენტში ჩვენ ხშირად გვესტუმრებიან ხოლმე ბავშვები, სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, მაგრამ დღევანდელი სტუმრები გამორჩეული ხალხია და მართლაც, ყველა ვართ შეძრულნი. ეს პატარა ბავშვები, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან, რომლებსაც გაუმართლათ, რომ მათ გვერდში უდგანან არა მხოლოდ მშობლები და ახლობლები, არამედ „ბერი ანდრიას ფონდი“ და იქ მოღვაწე ადამიანები, რომლებმაც სრულიად უნიკალური მოდელი შექმნეს ასეთი პრობლემების მქონე ბავშვების მკურნალობის და რეაბილიტაციის და რაც მთავარია, ისინი ახერხებენ კიდევ უფრო გაფართოებას ანუ ძალისხმევის გაფართოებას.
საქართველოს პარლამენტში მათი სტუმრობა, ერთის მხრივ, სიმბოლურია, მათ სურდათ პარლამენტის ნახვა, პარლამენტარებთან შეხვედრა, მეორეს მხრივ, ამას ძალიან კონკრეტული და პრაგმატული ამოცანები აქვს, პარლამენტს სერიოზული როლი აკისრია იმისათვის, რომ ყველა კონკრეტულ პრობლემას ყველაზე უფრო ეფექტური გამოსავალი მოუძებნოს-ეს იქნება საკანონმდებლო დონეზე, საბიუჯეტო დონეზე თუ სხვა.
მე მახსენდება 2-3 თვის წინ ჩვენი ერთობლივი მუშაობა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა და ზოგადად ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში, სადაც აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობა, პარლამენტი-ასე, მოვახერხეთ და ერთად დავდექით და ამან სერიოზული შედეგები მოგვცა, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამების თვალსაზრისით. დღეს ამ პრობლემებით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო პროგრამა არსებობს, ის 70 %-ით უზრუნველყოფს მკურნალობას, მაგრამ 70%-ი არ არის 100%-ი.
გარდა ამისა, არის ასპექტები ამ ყველაფერში, რომელიც ფულად გამოხატულებაში ვერ გაიზომება, ეს არის ადამიანური სითბო, ეს არის სოლიდარობა, რისი გამოვლინებაც იყო დღევანდელი დღე. ასე რომ დღეს სრულიად გამორჩეული სტუმრები გვყავდა დღეს ჩვენ და დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი კიდევ უფრო მეტს გააკეთებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.