„საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის გადაწყვეტილება კანონიერია“
გურიის რეგიონული ფედერაციის ადვოკატის განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნები რომ შედგეს, საკმარისია, დარჩენილი 33 დელეგატიდან ნახევარზე მეტი გამოცხადდეს ყრილობაზე.
როგორც გიორგი მელიქიშვილმა განაცხადა, გურიისა და რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციების დელეგატის გარეშე დარჩენა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საფრთხეს არ უქმნის.
„სამწუხაროდ, ტრიბუნალის გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არა 35, არამედ 33 დელეგატი მიიღებს. ეს არის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის „დამსახურება“. ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. იმით, რომ 33 დელეგატი დარჩა, არჩევნების ჩატარებას საფრთხე არ ექმნება. მთავარია, არჩევნებზე ნახევარზე მეტი დელეგატი გამოცხადდეს. ტრიბუნალის გადაწყვეტილება კანონიერად მიმაჩნია. სამწუხაროა, რომ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა დელეგატად იური ჩხაიძის წარდგენასთან დაკავშირებით. რეალურად, სფფ-ის აღმასკომის უკანონო გადაწყვეტილებების და ქმედებების გამო, აღმოჩნდა ისე, რომ ფედერაციის ორი წევრი დარჩა დელეგატის გარეშე, რაც, ჩვენთვის, ბუნებრივია, სამწუხაროა“, – განაცხადა მელიქიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საფეხბურთო დავების განმხილველმა ტრიბუნალმა რაჭა-ლეჩხუმისა და გურიის რეგიონული ფედერაციების დელეგატები გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში ისინი მონაწილეობას ვეღარ მიიღებენ.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი შაბათს, 3 ოქტომბერს სასტუმრო „Holiday inn“-ში, 11:00 საათზე აირჩევა. კანდიდატი სამია – ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია.