საკრებულოს დეპუტატებმა ბრისტოლის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში შეხვედრა გამართეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაციის წევრებმა – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მალხაზ მჭედლიშვილმა, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ნუგზარ მალაღურაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა კობალაძემ ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ბრისტოლის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში შეხვედრა გამართეს.
ბრიტანელ სპეციალისტებთან შეხვედრაზე, თბილისის საკრებულოს წევრები ბრისტოლში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, მუშაობის სქემით, სატრანსპორტო სფეროში არსებული მუნიციპალური სერვისებით და სისტემის თავისებურებებით დაინტერესდნენ.
ბრისტოლის მერიის ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლების მიერ ქართველი დეპუტატებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, ბრისტოლის საქალაქო ტრანსპორტი კერძო კომპანიებს ეკუთვნით. საქალაქო სამსახური ადგენს, რეგულაციებს და სტანდარტებს, ხოლო ფასს არეგულირებას ბაზარი.
მერიის მიერ დადგენილ მარშრუტებზე ავტობუსები მოძრაობენ. გაჩერებების კეთილმოწყობა და საინფორმაციო სისტემით აღჭურვა და მოსახლეობის ინფორმირება მერიის პრეროგატივაა. ყველა გაჩერება და ავტობუსი ადაპტირებულია და მათ წელიწადში დაახლოებით 30 მილიონი მგზავრი გადაჰყავთ.
„შუქნიშნები სისტემაშია ჩართული, ხოლო პროგრამა უპირატესობას საზოგადოებრივ ტრანსპორტს ანიჭებს“, – განაცხადეს მერიის წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე საუბარი საცობებსა და მათი რეგულირების საშუალებებსაც შეეხო. სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ბრისტოლში პიკის საათებში კონკრეტულ ქუჩებზე, მხოლოდ საქალაქო ტრანსპორტი და იმ მოქალაქეთა ავტომობილები მოძრაობს, ვინც იქ ცხოვრობს.
გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, მთელ ქალაქში დამონტაჟებულია კამერები საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რომლებიდანაც დამუშავებული და განახლებული ინფორმაცია ქალაქში არსებული საცობების შესახებ, ყოველ ნახევარ საათში ჩნდება საინფორმაციო დაფებზე და ინტერნეტში ვებგვერდებზე. სატრანპორტო სამსახურის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ქალაქის ცენტრში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მდგომარეობა მერის ინიციატივამ – სიჩქარის 20 მილამდე შეზღუდვამ. ქართველმა დეპუტატებმა, ბრისტოლის სატრანსპორტო სამსახურის სერვისები დადებითად შეაფასეს და მასპინძლებს თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მხარეებმა სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის იმედი გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები