გორში 480 დევნილი ოჯახისათვის 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა, გორში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, მასშტაბური მშენებლობის დაწყებას ჩაუყარა საფუძველი. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი და გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი.
სამინისტროს ცნობით, გორში, მოსკოვის ქუჩაზე, 8 ათსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს.რვავე კორპუსის მშენებლობა ერთდროულად დაიწყება.სამშენებლო სამუშაოებს კი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტრანსმშენი“ ახორციელებს.
უწყების ინფორმაციით, მინისტრი გორის რაიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა და მასშტაბური მშენებლობის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.8 კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გორის რაიონში ნგრევად შენობებსა და უმძიმეს პირობებში მცხოვრები დევნილების პრობლემა მოიხსნება.