„ე.წ. კრაკადილის მოხმარება უკიდურესად შემცირდა“

„ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორის ლაშა კილაძის განცხადებით, საქართველოში ე.წ. კრაკადილის მოხმარება უკიდურესად შემცირებულია. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ეს ნარკოტიკული ნივთიერება „კრაკადილის“ დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტების თავისუფალი ბაზრიდან ამოღებამ განაპირობა. „ე.წ. კრაკადილის თემა ბევრად უფრო აქტუალური იყო შარშან, შარშანწინ და უფრო ადრე. იმ ცვლილებებმა, რომელიც ნარკოტიკებისა და პრეკურსორების ქსელიდან ამოღების საკითხს შეეხო, დღეს რეალურად სურათი შეცვალა. დღეს საქართველოში „დეზომოფრინი“ ანუ იგივე „ნიანგი“ აქტუალური არ არის, მისი მოხმარების მაჩვენებელი უკიდურესად შემცირდა. ეს უკავშირდება იმას, რომ მისი დამზადებისთვის საჭირო ინგრედიენტები დღესდღეობით თავისუფალ ბაზარზე არ იყიდება“, – განაცხადა ლაშა კილაძემ.
რაც შეეხება ფარმაცევტულ ნარკომანიას, კილაძის განცხადებით, ეს კუსტარული ნარკომანიისგან რამდენადმე განსხვავდება. მისი თქმით, ამ კუთხით კანონით გათვალისწინებული სანქციები მცირეა და მისი გამკაცრება აუცილებელია.
„ის ჯარიმები, რაც სააფთიაქო ნარკომანიის შემთხვევაში აფთიაქს ენიჭება, არ არის დიდი. ამ საქმით მიღებული შემოსავლები კი იმდენად დიდია, რომ მისი მესვეურები რისკავენ. აუცილებელია ამ კუთხით კანონმდებლობა გამკაცრდეს“, – აღნიშნა ლაშა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები