„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და წევრების ანაზღაურების, დანამატებისა და პრემიების საკითხი შეისწავლეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ხარჯვითი ნაწილი შეისწავლეს, როგორც ორგანიზაციის იურისტმა ლაშა ციბაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველი საჯარო დაწესებულებაა.
ციბაძის განცხადებით, ორგანიზაციამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების, სასამართლოს წევრების (მოსამართლეების) ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება 2007 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით და ამავე პირთა მივლინებების, სახელფასო დანამატებისა და პრემიების შესახებ არსებული ინფორმაცია შეისწავლა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ბათუმში სწორედ 2007 წლის ივნისიდან საქმიანობს. შესაბამისად, სახელმწიფომ კანონით განსაზღვრა სასამართლო სისტემის სოციალური დაცვის გარანტიები, თუმცა ორგანიზაციის ყურადღებას, ყოველთვიური შრომითი ანაზღაურების მიღმა, მივლინებების, სახელფასო დანამატები და პრემიების პერიოდულობა და ოდენობა იპყრობს. შესაბამისად, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის სახელით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, არსებული სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ, ყველაზე მდიდარ საჯარო უწყებად რჩება, სასამართლოს თავმჯდომარე კი, საქართველოს პრეზიდენტის შრომითი ანაზღაურების შემდგომ, ქვეყანაში, მეორე თანამდებობის პირია. მონიტორინგის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა 2015 წლის იანვარი-ივნისის თვის მდგომარეობით, თანამდებობრივი სარგოს, პრემია და დანამატის სახით მიიღო 56 925 ათასი ლარი, 2014 წელს – 134 820, 2013 წელს – 204 675, 2012 წელს – 102 850, 2011 წელს – 98 025, 2010 წელს – 95 700, 2009 წელს – 97 015, 2008 წელს – 95 610,71, ხოლო 2007 წელს – 40 500 ათასი ლარი. ყურადრებას იპყრობს სასამართლოს თავმჯოდმარის სამივლინებო ხარჯებიც. 2015 წლის იანვარი-ივნისის თვის მდგომარეობით, მივლინების ხარჯმა შეადგინა 18 249,46 ათასი ლარი, 2014 წელს – 69 607,62, 2013 წელს – 32 50045, 2012 წელს – 47 682,99, 2011 წელს – 44 007,24, 2010 წელს – 35 538,73, 2009 წელს – 50 118,55, 2008 წელს – 52 073,68, ხოლო 2007 წელს – 10 927,72 ათასი ლარი. მთლიანობაში, 2007-2015 წლის პირველი ნახევრისთვის, გიორგი პაპუაშვილმა თანამდებობრივი სარგოს, პრემია და დანამატის სახით მიიღო 926,120,71 ლარი, ხოლო ამავე პერიოდისთვის მისმა სამივლინებო თანხამ შეადგინა – 360 706,44 ლარი. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან მოწოდებულ არ იქნა ინფორმაცია, თუ რომელი მივლინებების დროს დაიხარჯა ასტრონომიული ხარჯები, რაც ვფიქრობთ, რომ შემდგომი განმარტებების საგანი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის“, – აცხადებს ლაშა ციბაძე.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეების და სასამართლოს წევრების თანამდებობრივი სარგოს, პრემიების, დანამატებისა და სამივლინებო ხარჯებიც შეისწავლეს.
„ანალიზმა ცხადყო, რომ მაღალია მათი მომსახურების ხარჯებიც. თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ვარძელაშვილს 2007 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 1 ივნისის თვის მდგომარეობით, თანამდებობრივი სარგოს, პრემია და დანამატის სახით, საერთო ჯამში მიღებული აქვს 679,620 ათასი ლარი. მისი ამავე პერიოდის სამივლინებო თანხა, საერთო ჯამში, შეადგენს 82,824.83 ათასი ლარს. თავმჯდომარის კიდევ ერთ მოადგილეს, ზაზა თავაძეს 2010-2015 წლის 1 ივნისის თვის მდგომარეობით, თანამდებობრივი სარგოს, პრემია და დანამატის სახით, საერთო ჯამში მიღებული აქვს 483,013,19 ათასი ლარი. მისი ამავე პერიოდის სამივლინებო თანხა, საერთო ჯამში, შეადგენს 18,867,69 ათასი ლარს. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების (მდივნის, მოსამართლეების) შრომით ანაზღაურებისა და სამივლინებო ხარჯებს, შესწავლილი მასალის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი ხარჯვითი ნაწილიც საკმაოდ მაღალია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შემოსავლები, 2007-2015 წლის პირველი ნახევრისთვის, მერყეობს 50 000 ლარიდან 95 000 ლარამდე, თუმცა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთათვის გამოყოფილი სამივლინებო ხარჯები, ბევრად მცირეა, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების მომსახურების ღირებულება“, – აღნიშნა ციბაძემ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ხელფასების, პრემია-დანამატებისა და სამივლინებო ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოთხოვნილი თანხები კოლოსალურია და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას არ შეესაბამება.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ამ მიმართულებით საჭიროა შეიცვალოს მიდგომა. სასამართლო სისტემის აღნიშნული რგოლი უნდა გახდეს გამჭირვალე და საზოგადოების მხრიდან კონტროლირებადი, რათა ბიუჯეტიდან მიმართული ხარჯების გამოყენება მოხდეს რაციონალურად და სამართლიანი განკარგვის პრინციპს ეფუძნებოდეს“, – განაცხადა ლაშა ციბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები