გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში სამუშო ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ი სამუშაო ვიზიტის პირველი ეტაპი დადებითად შეაფასა. დღეიდან გიორგი მარგველაშვილი სამუშო ვიზიტს ვაშინგტონში განაგრძობს, სადაც დაგეგმილია შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან, მათ შორის არიზონას შტატის სენატორ ჯონ მაკკეინთან.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საერთაშორისო არენაზე საქართველოს თემატიკის გასააქტიურებლად ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
“გვქონდა შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან. მთვარი საკითხები, რაზეც ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, არის, ერთი მხრივ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პროცესების გაღრმავება, მეორე მხრივ, მსოფლიო პოლიტიკური დისკუსიების კონტექსტში საქართველოს თემატიკის გააქტიურება”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტმა ორმხრივი შეხვედრები გამართა გაეროში პოლონეთის, ხორვატიის, სლოვენიის, ლიტვისა და ლატვიის ლიდერებთან, ასევე ბელგიის პრემიერ-მინისტრთან. გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა საგარეო ურთიერთობათა საბჭოში, ფორდჰეიმის უნივერსიტეტში კი საჯარო ლექცია წაიკითხა. ქვეყნის პირველმა პირმა მონაწილეობა მიიღო ლიტვის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში – “აღმოსავლეთ ევროპის მომავალი, ქალთა როლის გაძლიერება”.
საქართველოს პრეზიდენტი კონექტიკუტში სანაპირო დაცვის აკადემიას ეწვია, დაღუპული ქართველი კადეტების – სოსო მაკარიძის და ბესო გორჯოლაძის ხსოვნას პატივი მიაგო და კურსანტებს სიტყვით მიმართა.
დღეიდან საქართველოს პრეზიდენტი, ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტებს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება. დაგეგმილია პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ვილსონის და სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში. ასევე შეხვედრები გაიმარათება კარნეგის ცენტრის ხელმძღვანელთან, უშიშროების და საგარეო ურთიერთობის კომიტეტების წარმომადგენლებთან. ასევე, საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო სადილს გამართავს NDI-ის ხელმძღვანელებთან და ამერიკაში მცხოვრებ ქართულ დიასპორასაც შეხვდება. საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში 2 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები