გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირების რიტორიკა, სამწუხაროდ, არ არის შეცვლილი
იმედი მაქვს, ჩვენი მოკავშირეები როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს ალიანსებიდან, მსოფლიოს მასშტაბით, უფრო ორგანიზებული იქნებიან და უფრო ნათლად ჩამოაყალიბებენ თავიანთ ხედვას სწორედ რუსეთის ფედერაციის ხედვებთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლის შეფასებისას განუცხადა.
მისივე თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია ის ერთობა, რომელიც საქართველოს მოკავშირეებს შორის ჩამოყალიბდება. ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირებისგან რიტორიკა შეცვლილი არ არის.
“ჩემთვის მნიშვნელოვანია ის პათოსი და ის ერთობა, რომელიც ამ გამოსვლის შედეგად, იმედი მაქვს, ჩამოყალიბდება ჩვენს მოკავშირეებს შორის. ის რიტორიკა, რაც ჩვენ აქამდე მოგვისმენია, რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირებისგან, სამწუხაროდ, თვისობრივად არ არის შეცვლილი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.