შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ახალ პროექტს იწყებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალ პროექტს იწყებს, რომლის საშუალებითაც აბიტურიენტებს საკუთარი შესაძლებლობების შემოწმება შეეძლებათ.
ცენტრი მსურველებს საშუალებას აძლევს, გამოსცადონ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები გამოცდის ახალ, ელექტრონულ ფორმატთან მიახლოებულ პირობებში. სპეციალურ ვებგვერდზე განთავსდება სავალდებულო და არჩევითი გამოცდების ტესტების ელექტრონული ვერსიები, რომელთა გაცნობა ყველა მსურველს უსასყიდლოდ შეეძლება. ელექტრონული ვერსიები რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება განთავსებული, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი გამოქვეყნდება სწორი პასუხები.მონაწილეს ნებისმიერ კომპიუტერთან შეეძლება მოცემული დავალების შესრულება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პროექტი დამატებით მომსახურებასაც სთავაზობს მონაწილეებს – თუ აბიტურიენტი გარკვეულ საფასურს გადაიხდის, ცენტრი ნაშრომების გასწორებას , სურვილის შემთხვევაში კი გათანაბრებული და სკალირებული ქულების დათვლას უზრუნველყოფს. მინიმუმ 4 გამოცდის არჩევისას მონაწილეს სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეეძლება მიღებული შედეგები წინა წლის საკონკურსო ქულებს შეადაროს. ამისათვის ჩამონათვალიდან სასურველი ფაკულტეტები უნდა აირჩიოს. ამის შემდეგ კი ეკრანზე გამოჩნდება მისი საკონკურსო ქულა იმ ფაკულტეტისათვის, რომელიც მან აირჩია და 2015 წელს შესაბამის ფაკულტეტზე ჩარიცხულთა მინიმალური საკონკურსო ქულა. ცხადია, მიმდინარე წელს კონკრეტულ ფაკულტეტზე ჩარიცხვის პროგნოზირებისათვის ამ ინფორმაციის გამოყენება მიზანშეუწონელია, თუმცა აბიტურიენტს არჩევანის ოპტიმალურად გაკეთებასა თუ წინასაგამოცდო პროცესის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება.
შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც გადაიხდის შესაბამის საფასურს, გაივლის რეგისტრაციას, აირჩევს გამოცდებს, მიუთითებს საქართველოს ფოსტის ფილიალს, სადაც მიიღებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული პასუხების ფურცლების იდენტურ ფურცლებს და დეტალურ ინსტრუქციას. ტესტების გამოქვეყნების შემდეგ მონაწილე დავალებების პასუხებს საგამოცდო ინსტრუქციის შესაბამისად გადაიტანს ფურცელზე. შევსებულ ფურცლებს კი მოათავსებს კონვერტში და იმავე საფოსტო განყოფილებაში მიიტანს. ნაშრომების გასწორების შემდეგ პროექტის მონაწილე საკუთარ გვერდზე იხილავს შედეგებს, გათანაბრებულ ქულებს, სკალირებულ ქულებს, 4 გამოცდის არჩევის შემთხვევაში კი ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ ფაკულტეტებზე ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებოდა 2015 წელს მიღებული შედეგებით.
პროექტი გაზაფხულიდან დაიწყება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს. ოქტომბერ-ნოემბერში კი დაგეგმილია პილოტირება ქუთაისისა და ჩოხატაურის მე-12 კლასელთათვის. ამ მუნიციპალიტეტების საჯარო თუ კერძო სკოლების მე-12 კლასის მოსწავლეები არა მხოლოდ ტესტს და სწორ პასუხებს გაეცნობიან, არამედ საცდელი რეჟიმიდან გამომდინარე, სრულიად უფასოდ მიიღებენ მომსახურებას, რომელიც მათი ნაშრომების გასწორებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები