“თურქეთში მომუშავე ქართველი ქალების შემზარავი ისტორიები“

თურქეთში მომუშავე ქართველი ქალების შემზარავი ისტორიები – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ რეპორტაჟს აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტს თურქეთში მომუშავე რამდენიმე ქალბატონი მათ წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლისა და სავალალო ყოფის შესახებ პირადად უყვება.
“სანამ თურქზე ვიქორწინებდი, სამუშაოდ იზმირში ერთ-ერთ ოჯახში წავედი. იქ პასპორტი ჩამომართვეს. სამი წელი მონურ მგომარეობაში ვმუშაობდი. ის კაცი ხან მცემდა, ხან მასთან დაწოლას მთხოვდა. ასე გავიდა სამი წელი, საქართველოში ჩემი ამბავი არავინ იცოდა. დედ-მამა ცოცხალი აღარ მყავს. და-ძმას არც მოვუკითხივარ. ჩემი პატარა გოგონა ჩემმა დეიდაშვილმა წაიყვანა გასაზრდელად (მაშინ 7 წლის იყო). ერთ დღეს იმ კაცს კარი ღიად დარჩენოდა, დრო ვიხელთე და გამოვიპარე. არც პასპორტი მქონდა, არც ფული, მოვდიოდი და ვტიროდი. მერე მოვიფიქრე, მობილურზე დამერეკა ძველ ნაცნობთან, რომელმაც მომაკითხა და წამიყვანა.
ამის შემდეგ მაინც დავრჩი თურქეთში. საქართველოში უფულოდ ვერ დავბრუნდებოდი. ერთ-ერთ რესტორანში დავიწყე მუშაობა, სადაც თეფშებს ვრეცხავდი. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე. მას ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა. ცოლობა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. სხვა რა გზა მქონდა. ცოტა ფული შევაგროვე და საქართველოში დავბრუნდი, სადაც ჩემი ათი წლის გოგონა მელოდებოდა. ახლა ჩემს თურქ მეუღლესთან ვცხოვრობ, მაგრამ ის არ ზრუნავს ჩემზე, არც ფულს მაძლევს. პირიქით, სამელ-საჭმელიც მე მიმაქვს. მას პირველი ქორწინებიდან 17 წლის ბიჭი ჰყავს. ჩემი გოგონა 13 წლისაა. პირველი ქმარი გარდაიცვალა. შვილს საქართველოში უპატრონოდ ხომ ვერ დავტოვებდი, თან წამოვიყვანე, მაგრამ ჩემმა ქმარმა ჩემი შვილი სახლში არ შემოუშვა. ახლა ჩემი გოგონა მეზობლის მოსამსახურეა, ჩვილ ბავშვს უვლის. სკოლაში არ დადის, მაგრამ საკუთარი ფული და თავშესაფარი აქვს“, – აცხადებს სტამბოლში მცხოვრები ქართველი ქალბატონი.
მსგავსი ისტორია გადახდა ასევე ქართველ ქალს. ის სტამბოლის ოფისიდან გაყიდეს.
როგორც სტატიის ავტორი წერს, სტამბოლში ბევრი ოფისია, სადაც საქართველოდან ჩამოსულ ქალებს ასაქმებენ, ზოგჯერ ყიდიან კიდეც. გააჩნია, როგორი კლიენტი მივა ამ ოფისში.
გამოცემის ინფორმაციით, ასეთ საქმიანობას თურქეთში მყოფი ის ქართველი ქალებიც ეწევიან, რომლებმაც მოქალაქეობა უკვე მიიღეს. მათ ლეგალურად აქვთ გახსნილი ოფისები საქართველოდან ჩასული ქალების დასასაქმებლად. ზოგჯერ მათ ჩუმად ყიდიან, განმკითხავი კი არავინაა.
“ოფისში 50 წელს გადაშორებული მამაკაცი მოვიდა და ოჯახში წამიყვანა. მეც გამიხარდა, კარგი ოჯახი შემხვდა-მეთქი. დიასახლისი თავაზიანად დამხვდა, გამიმასპინძლდა და ოთახიც გამომიყვეს. ის იყო, დაქანცულმა დავიძინე, რომ გასაღების გადატრიალების ხმა გავიგონე. უცებ წამოვხტი. ოთახში ოჯახის უფროსი კაცი შემოვიდა და მითხრა, ხომ იცი, მხოლოდ მოსამსახურედ არ წამომიყვანიხარ, სხვა მომსახურებაც უნდა გამიწიოო… როგორც გავიგე, ოფისიდან გამყიდეს. ვინმე თბილისელი მაკა (რომელიც ოფისში მუშაობდა) მოლაპარაკებული ყოფილა ამ კაცთან და ფულიც აუღია. გადავწყვიტე მეკივლა და მთელი სახლი შემეყარა (მის ცოლს გვერდით ოთახში ეძინა). ჩემს წინააღმდეგობას რომ წააწყდა, მთხოვა, გავჩუმებულიყავი და ოთახიდან გავიდა. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. მეორე დღეს იმ კაცმა მითხრა, ანკარაში გაგამგზავრებ, კარგი ოჯახია, მხოლოდ ერთი მოხუცი ქალია მოსავლელიო. მეც გახარებული დავთანხმდი, გზის ფული და მობილური მომცა. ანკარაში ვიღაც ქალი უნდა დამხვედროდა და ოჯახში წავეყვანე. ასე გავემგზავრე ანკარაში.
სადგურში მსუქანი, თმაგაწეწილი ქალი დამხვდა, ისე გადამკოცნა, თითქოს მისი ახლობელი ვიყავი. მივედი სამსართულიან ვილაში (ქალაქგარეთ), ჩანთა ჩამომართვეს, მასადილეს და მითხრეს, აბაზანა მიიღეო. აბაზანას ვიღებ და უცებ მესმის ქალისა და მამაკაცის საუბარი, ძალიან ლამაზი ქალია, მოგეწონება. ახლა გამოვა აბაზანიდან და აბა, შენ იციო. ამის გაგონებაზე ცუდად გავხდი. უკვე მივხვდი, ისევ გაყიდული ვიყავი. აბაზანიდან გამოვედი და წივილ-კივილი ავტეხე, მაგრამ მშველელი არსაიდან ჩანდა. იქ მყოფმა ახალგაზრდა კაცმა გამეტებით მცემა და გავითიშე. გონს რომ მოვედი, საწოლში ვეგდე, აღარც საბუთები მქონდა, აღარც – ფული. ოთახში გამომკეტეს. ვტიროდი და ვეხვეწებოდი, გავეშვი, მაგრამ ამაოდ. ჩემდა სამწუხაროდ, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გავხდი. ვფიქრობდი, როგორმე აქედან გავქცეულიყავი. გაქცევაც დავგეგმე. ფანჯრიდან გადავიხედე, ფანჯარასთან ახლოს ქვის ბოძი იყო. ბოძზე ჩაცურება შეიძლებოდა. ახალი შეღამებული იყო. ფანჯრიდან ტანსაცმელი ბაღის მხარეს გადავყარე, გადავედი და ბოძზე ჩავცურდი, მაგრამ ჩასვლის ნაცვლად, ჩავვარდი. ცხვირი გავიტეხე. სისხლი მომდიოდა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე, მაღალ რკინის კარზე ავცოცდი, გადმოვხტი და გამოვიქეცი… მოვდივარ ქუჩაში, ღამეა, არც საბუთები მაქვს, არც ფული, ვტირი. უცბად, ახალგაზრდა ბიჭი გადამეყარა და ტირილის მიზეზი მკითხა. ჩემი გასაჭირის თაობაზე ვუთხარი. ბიჭმა ყურმილი აიღო და პოლიციაში დარეკა. ის თავად პოლიციელი აღმოჩნდა და პოლიციის განყოფილებაში მიმიყვანა. მე არ მინდოდა იქ მისვლა და არ მივყვებოდი, მაგრამ მითხრეს, იმ ქალს როგორ ვიპოვით, თუ შენ არ დაგვეხმარებიო. ის ქალბატონი პოლიციაში მოიყვანეს, ჩემი პასპორტი დამიბრუნეს, ფული კი – არა. თურქ პოლიციელს, რომელსაც ბებია ჰყავდა ქართველი, შევეცოდე, პოლიციელებმა ბილეთი მიყიდეს და ავტობუსით საქართველოში გამომაცილეს“, – აცხადებს ქართველი ქალი, რომელიც ამჟამად თურქეთში ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები