რატომ შერჩა მხედრიონელ „მურას“ 4 წლის ბავშვის საწოლში ჩაცხრილვა – პატიმრის დღიური

იცი შენ ეგ ამბავი, არეულობის დროს დაგვაყაჩაღეს და ყაჩაღს იარაღი გაუვარდა. 4 წლის ანგელოზი ჩავაწვინე მიწაში, ჩემი სიხარული და ჩემი იმედი, – ასე იწყება 90-იანი წლების საქართველოში ერთ-ერთი შემზრავარი ყაჩაღობის ისტორია, რომელსაც გაზეთი „ვერსია“ აქვეყნებს რუბრიკაში – „პატიმრის დღიური“.
ამ ისტორიას პატიმარი წერს, თავად პატმარს კი, გარდაცვლილი ბავშვის მამა უყვება, რომელიც მხედრიონის თბილისის ორგანიზაციის შტაბის უფროსმა, მეტსახელად „მურამ“  დააყაჩაღა. სწორედ „მურამ“ იმსხვერპლა 4 წლის ბავშვი.

„სამართალდამცავებს ყველაფერი არ ვუთხარი. მე თვითონ ვეძებდი მკვლელს და ვერ ვიპოვე. ქვეყანა დატოვაო, ასე მითხრეს.
სახლი გავყიდე სოფელში, დედაჩემი რომ გარდაიცვალა, იქ ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა, თან ფული მიჭირდა, ფული მჭიდებოდა და გავყიდე. იმ დღესვე დავარიგე ვალში და სახლში ორი ათასამდე დოლარი დამრჩა. ღამე ყაჩაღები შემოგვიცვიდნენ და ფულს გვთხოვდნენ. გამოვუტანე, რაც გვქონდა და მეტს ითხოვდნენ. ვუხსნიდი, არ გვაქვს მეტი, ვალი გავისტუმრეთ-მეთქი, მაგრამ არ სჯეროდათ. ერთ-ერთმა ჩემს შვილს მძინარეს დაადო თავზე „გლოკის“ სისტემის იარაღი. თვალთ დამიბნელდა, ვეხვეწე, „გლოკი“ ცუდი იარაღია, ძალიან მარტივად ვარდება-მეთქი, მაგრამ სისინებდა, ფული მომეცი, თორემ თავის ქალას ავხდიო. გასროლის ხმა არ გამიგია, უბრალოდ, ის მახსოვს, ყველაფერი რომ წითლად შეიღება და ეს სიწითლე გასვენების დღემდე თვალწინ მედგა.
ახლაც არ მახსოვს, ვინ რას ამბობდა გასვენებაზე, ვინ რას ფიქრობდა, ვინ მოდიოდა და მიდიოდა. შვილის კუბოსთან ვიჯექი, იმ შვილისა, რომელსაც პრაქტიკულად თავი არ ჰქონდა.
მერე ძებნა დავიწყე და მითხრეს, შენ მხედრიონელებმა დაგაყაჩაღეს და მაგათი მეთაური ვინმე „მურაა“, შტაბის უფროსიო. ქვეყანა დატოვა მეორე დღესვე. მას შემდეგ ვეძებდი, ერთი დღითაც არ შემიწყვეტია ძებნა.
რამდენიმე წლის წინ ბინა გაყიდა თბილისში და მაშინ თქვეს მეზობლებმა, აქ ჩამომოსვლელი აღარ არის, იტალიაში ცხოვრობსო. იტალიაში ვეძებდი. მილანთან ახლოს, კომოში ცხოვრობსო, ასე მითხრეს. იქიდანაც წასული დამხვდა და მისი კვალი დავკარგე, – ყვება გარდაცვლილი ბავშვის მამა.

ინკოგნიტო პატიმარი მხედრიონზე და მხედრიონელებზე წერს:

„როგორც მხედრიონის ლიდერები ამბობენ, თავიდან ეს შეიარაღებული ფორმირება ღირსეული ხალხით იყო დაკომპლექტებული, თუმცა, შემდეგ ყველა ნაძირალა და არაკაცი მიეკედლა და სახელიც მათ გაუფუჭეს. იყო შემთხვევები, როცა კონკრეტული ადამიანები დანაშაულს მხედრიონის სახელით ჩადიოდნენ, თუმცა მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. ეს ისტორია კი, მხედრიონთან პირდაპირ კავშირშია, რადგან ერთ-ერთი მთავარი გმირი მხედრიონის თბილისის ორგანიზაციის შტაბის უფროსი იყო“.

როგორც პატიმარი ისტორიის დასასრულ წერს, საბოლოოდ „მურამ“ ერთ-ერთ ორგანიზაციაში, დაცვის წევრად დაიწყო მუშაობა.  ერთ მშვენიერ დღეს კი, გარდაცვლილის ბავშვის მამა და „მურა“ გადაიკვეთნენ.
მოკლული ბავშვის მამამ დანახვისთანავე იცნო „მურა“, თუმცა, გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც პატიმარი წერს, სწორედ საავადმყოფოში ყოფნისას მოუყვა ეს ისტორია.

„საავადმყოფოში ყოფნისას მასთან სამართალდამცავები მივიდნენ. ჯანმრთელობა მოიკითხეს, შემდეგ კი, ჩუმად, მაგრამ მტკიცედ დაიწყეს: ვიცით, რატომ დაგემართა გულის შეტევა. ისიც ვიცით, რომ „მურას“ ისევ ეძებ, მაგრამ… ჩათვალე, რომ ეგ კაცი ჩვენ გვჭირდება, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოგვცა და რაც მთავარია, გამოსწორებულია. ამიტომ მივეცით იარაღი ხელში და დავასაქმეთ. იქნებ სხვანაირად მოვრიგდეთ, იქნებ რამეზე შევთანხმდეთ… თქვენ შორის ომი არ გამოვა.
ფულს მთავაზობთ? – ჩაილაპარაკა მოკლული ბავშვის მამამ ისეთი ხმით, სამართალდამცავებმა თავი დახარეს. რამდენიმე წუთში ბავშვის მამა გულის შეტევით გარდაიცვალა“, – წერს პატიმარი გაზეთ „ვერსიას“ რუბრიკაში „პატმრის დღიური“.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები