თანხის მითვისების ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, არასამთავრობო ორგანიზაცია “რეგიონალური განვითარების და სოციალური დახმარების ცენტრის“ დირექტორი გ. გ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან შეთანხმებით, 2011 წლიდან სოციალურ პროექტს ახორციელებდა, რომლის თანახმად, კონტრაქტორ არასამთავრობო ორგანიზაციას იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობისთვის საჭირო ნივთები და ინვენტარი უნდა შეეძინა.
პროექტის განხორციელების მიზნით, შვეიცარიის სააგენტოს მიერ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე 310 002 ლარი ჩაერიცხა. ბრალდებულმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დიდი ოდენობით თანხა 188 468 ლარი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 11 წლამდე.