15 – წლიანი გენგეგმა – 2030 წლისთვის თბილისი უკეთეს ქალაქად უნდა იქცეს

უახლოეს 15 წელიწადში თბილისის ისტორიულ უბნებში აიკრძალება მაღალსართულიანი მშენებლობები, კრიტიკულ სიტუაციაში იმოქმედებს წინასწარი გაფრთხილების, განგაშის სისტემა, რკინიგზა ქალაქის ცენტრიდან გარეუბანში გადავა და გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონები მოეწყობა – სწორედ ამ ყველაფრის ჩადებას გეგმავენ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში კონკურსში გამარჯვებული კომპანიები, რომლებმაც მისი შემუშავება 18 თვეში უნდა მოასწრონ.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ისინი გენგეგმის მეშვეობით საცობების პრობლემის მოგვარებას, გამწვანების ერთიანი სისტემის შემუშავებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, თბილისის პოლიცენტრულ ქალაქად ქცევას და ბევრ სხვა რამეს გეგმავენ. საბოლოო მიზნის მიღწევას – თბილისის უკეთეს ქალაქად ჩამოყალიბებას – 2030 წლისათვის აპირებენ.

მოგეხსენებათ, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესამუშავებლად კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოცხადდა და საკონკურსო წინადადებების მიღება პირველ აგვისტოს დასრულდა. მერიაში სულ 11 განაცხადი შევიდა, რომელთაგან მეორე ტურში გადასვლა ექვსმა კონკურსანტმა შეძლო.

კონკურსის შედეგად გაირკვა, რომ გენგეგმის განხორციელებაზე მერია ხელშეკრულებას იურიდიულ პირთა გაერთიანება “მომავლის ქალაქთან” გააფორმებს.

“რეზონანსი” “სითი ინსტიტუტ საქართველოს” დირექტორ მამუკა სალუქვაძეს ესაუბრა და მისგან მოისმინა, თუ რა ჩაიწერება გენგეგმაში და რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ დედაქალაქში უახლოეს მომავალში.

მამუკა სალუქვაძე: “უპრეცედენტო კონკურსი იყო იმ მხრივ, რომ მასში მონაწილეობა ძალიან ბევრმა კონკურსანტმა მიიღო. გარდა ამისა, საინტერესო იყო იმითაც, რომ არა მხოლოდ ქართული ჯგუფები მონაწილეობდნენ, არამედ – უცხოურებიც. ისინი ქართულ ჯგუფებთან იყვნენ შერწყმულნი და ეს ძალიან კარგია, რადგან ჩვენი ქალაქის პრობლემებს უცხოური გამოცდილება ნამდვილად წაადგება.

ჟიური საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო. პროცესი ძალიან გამჭვირვალედ წარიმართა. ამას ალბათ ყველა მონაწილე დაგიდასტურებთ. ყველაფერი საიტზე ქვეყნდებოდა და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო ენახა. კონკურსანტთა ხედვას უცხოური კომპანიაც აფასებდა და სამომავლოდ გენგეგმაზე მუშაობის მთლიან პროცესსაც მონიტორინგს გაუწევს”.

“რეზონანსი”: როგორია თქვენი ხედვა, რას არის ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რის ჩადებასაც გენგეგმაში აპირებთ?

მ.ს: ჩვენ გვქონდა ასეთი დევიზი – სტაბილურობიდან მდგრადობამდე. ეს დევიზი მხოლოდ ლამაზი სიტყვები არაა. ჩვენ სამუშაო ორ ეტაპად დავყავით – პირველ რიგში იმ ქაოსიდან უნდა გამოვიდეთ, რაც ქალაქშია. ქაოსი ბევრი მიმართულებითაა – ურბანული განვითარების, განაშენიანების, ტრანსპორტის კუთხით და ა.შ.

სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას მივუძღვნით ჩვენ გენგეგმის პირველ ეტაპს – ქაოსიდან გამოსვლას და სტაბილურობამდე მისვლას. ეს იქნება მარეგლამენტირებელი დოკუმენტების შემუშავება, ანუ ის, რაც მერიას 18 თვის განმავლობაში არ გააჩერებს. ისე კი არ იქნება, რომ მერია წელიწადნახევარი დაგველოდება სანამ მთლიან დოკუმენტს არ დავდებთ, არამედ სამ თვეში ერთხელ მივცემთ მას დოკუმენტების გარკვეულ ჩამონათვალს, რაც ქალაქში განაშენიანებისა თუ ტრანსპორტის სტაბილურობას დაამყარებს.

ამის შემდეგ კი მდგრადობის ეტაპი დადგება. აქ უკვე ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ თემებზე, რაც ევროპის ქალაქებისთვისაა დამახასიათებელი – გამწვანების ერთიანი სისტემა, ველობილიკები, საჯარო სივრცეებისა და ტრანსპორტის განვითარება, პოლიცენტრულობაზე მუშაობა და ა.შ.

რაც მთავარია, ჩვენ არცერთ პროექტზე არ გვითქვამს, რომ ეს აუცილებლად ასე გაკეთდება და ჩვენი თალსაზრისი გადამწყვეტი იქნება. ყველა საკითხი და პროექტი იქნება მხოლოდ ექსპერტიზის, შეფასების, ანალიზის, ექსპერტებთან შეთანხმებისა და საჯარო განხილვის შედეგი. ამიტომ ვაპირებთ, ყველაფერი საჯაროდ განვიხილოთ. ეს დოკუმეტს მეტ ლეგიტიმაციას შესძენს.

“რ”: რა ჩაიდება გენერალურ გეგმაში ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად?

მ.ს: გამწვანების ერთიანი სისტემა უნდა გაკეთდეს. ეს აქამდე არ ყოფილა. მოგეხსენებათ, თბილისში რეკრეაციული ზონები არათანაბრადაა განაწილებული. ქალაქის ფარგლებში გამწვანებული ტერიტორია სულ 34%-ია. ესეც ძირითადად შემოერთებული ტერიტორიების ხარჯზე – წყნეთის, კოჯორის და ა.შ. ქალაქის განაშენიანებულ ტერიტორიაზე კი აქედან სულ 5% მოდის. ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ამიტომაცაა აუცილებელი ერთიანი სისტემის შემუშავება.

“რ”: თბილისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა საცობებია. როგორ ხედავთ მისი მოგვარების გზებს და უნდა ველოდოთ თუ არა მასშტაბური ესტაკადებისა და გვირაბების მშენებლობას?

მ.ს: ესტაკადები და გვირაბები კარგი გამოსავალი შეიძლება არც იყოს. პირველ რიგში, ჩვენ გარკვეული სატრანსპორტო კვანძების მოდელირებას გავაკეთებთ. ამაში კი ჩვენი პარტნიორი გერმანული კომპანია დაგვეხმარება. მას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში მუშაობისა და ამგვარი პრობლემების მოგვარების დიდი გამოცდილება აქვს.

ამ სფეროში ერთ-ერთი მთავარი ნიუანსი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა. ამან საცობების მოგვარებას ხელი უნდა შეუწყოს. არ შეიძლება კერძო ტრანსპორტისათვის ამხელა საშუალებების მიცემა. გარკვეული შეზღუდვები ალბათ იქნება.

“რ”: როგორ დაარეგულირებს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ცენტრალურ უბნებში მშენებლობების საკითხს?

მ.ს: ეს საკითხი გენგეგმაში, რა თქმა უნდა, ჩაიდება. ალბათ გარკვეული მარეგლამენტირებული დოკუმენტაცია შემოვა სიმაღლესთან, ფართობსა და ტერიტორიასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი იმისათვის კეთდება, რომ სწორად განვსაზღვროთ, თუ რა, სად და როგორ უნდა აშენდეს. მიწათსარგებლობის გეგმა ამას ემსახურება. სწორედ მას დაეყრდნობა ქალაქის არქიტექტურის სამსახური იმ პროექტების შეფასებისას, რომელიც იქ შევა.

რა თქმა უნდა, ხაზი ისტორიული ლანდშაფტის შენარჩუნებასაც გაესმევა. მოგეხსენებათ, ისტორიულ ნაწილში არასასურველი პროცესები მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, გარკვეული გამოსავალი აუცილებლად უნდა ვიპოვოთ. არ შეიძლება მთაწმინდის კალთაზე იმდენსართულიანი სახლების აშენება, რაც ახლა შენდება.

“რ”: ანუ, არაა გამორიცხული, რომ მთაწმინდაზე, ვერაზე, სოლოლაკში, ავლაბარში მაღალსართულიანი მშენებლობები აიკრძალოს?

მ.ს: რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული. შეზღუდვები აუცილებლად იქნება.

“რ”: საუბრისას პოლიცენტრულობა ახსენეთ. რას გეგმავთ ამ მიმართულებით?

მ.ს: ქალაქის ცენტრის გათავისუფლება იმ დაწოლისაგან, რაც დღეს აქვს – მოსახლეობის, ტრანსპორტის, ადმინისტრაციული შენობებისაგან აუცილებელია. ამისათვის ქალაქის პერიფერიული ნაწილის განვითარებაა საჭირო. მისთვის ფუნქციების მინიჭება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ამ სიტუაციას შეცვლის. მოსახლეობა პერიფერიიდან გარკვეული სერვისების მისაღებად ქალაქის ცენტრში აღარ უნდა მოდიოდეს. ყველანაირად ვეცდებით, რომ პოლიცენტრულობის საკითხი ტრანსპორტის კუთხითაც გადავწყვიტოთ.

“რ”: რამდენად შეუწყობს ამას ხელს რკინიგზის გადატანა და იგეგმება თუ არა ამის ჩადება გენგეგმაში?

მ.ს: რკინიგზის გადატანა ამას ხელს ნამდვილად შეუწყობს. მის ხარჯზე გამოთავისუფლებული ტერიტორია ქალაქისათვის მნიშვნელოვანია. თუმცა, ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი რეკრეაციასა და გამწვანებას უნდა დაეთმოს. ასეთი ტერიტორიები არ უნდა დავკარგოთ და გამწვანებული ტერიტორიების წილი უნდა გავზარდოთ.

“რ”: ანუ, რკინიგზის გადატანა გარდაუვალია?

მ.ს: ეს ქალაქისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია. სამწუხაროდ, ასეთი ტერიტორიები ბევრი არაა. გვაქვს კიდევ ყოფილი საწარმო და სამხედრო ტერიტორიები, რომლებიც დღევანდელი ქალაქის ტერიტორიის 27%-ს წარმოადგენს. წარმოიდგინეთ, რამხელა რესურსი იკარგება. მით უმეტეს, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში ქალაქის ცენტრშია განთავსებული.

დიდუბის მაგალითიც მშვენიერია ამისათვის, სადაც ძალიან ბევრი გაუქმებული საწარმოა, რომლებიც დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს. ეს ტერიტორია ხომ უნდა გამოვიყენოთ? მათი თანამედროვე ფუნქციებით სწორად დატვირთვა ქალაქის გამწვანებას შეცვლიდა. ასე რომ, ამ საკითხებს ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ.

“რ”: რამდენად ითვალისწინებს გენგეგმა თბილისის უსაფრთხო ქალაქად ქცევას? 13 ივნისის შემდეგ ეს თემა ალბათ კიდევ უფრო მეტად აქტუალურია.

მ.ს: ეს საკითხი აუცილებლად გასათვალისწინებელია. იმ ტრაგედიამდე ალბათ სწორედ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა – მდინარის ხევების იმგვარად ათვისებამ, როგორიც ჩვენთანაა. ხევებთან და მცირე მდინარეებთან დაკავშირებით, რომლებიც ქალაქში ჩამოედინება, არასერიზულად მიდგომა არ შეიძლება, რადგან მათ ზარალი არაერთხელ მოუყენებიათ.

ეს ხევები ჩვენთან ან დასახლებულია, ან უფუნქციოდაა მიგდებული და ინფორმაციაც კი არ არსებობს მათი მდგომარეობის შესახებ. არადა ისინი საზოგადოებისათვის უნდა იყოს გამოყენებული და მწვანე არტერიებად უნდა იქცეს, რომლებიც ქალაქის ცენტრს, გამწვანების თვალსაზრისით, გარეუბნებთან შეაერთებს. კარგი იქნება თუ თითოეულ მათგანს შევისწავლით, რადგან ეს რეკრეაციისათვის კარგი პოტენციალია.

შესასწავლია, რომელ ხეობაში რა არის აშენებული, რა – მიტოვებული, რა უშლის ხელს მდინარეებისთვის კალაპოტში ნორმალურ დინებას და ა.შ. გარდა რეკრეაციული დატვირთვისა, ეს ზონები კარგი ტურისტული მარშრუტებიც შეიძლება გახდეს. მით უმეტეს რომ ამ მდინარეების უმეტესობის კალაპოტი 20-30 კილომეტრიანია. ამ საკითხში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობის იმედი გვაქვს.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სხვა ზომებსაც მივიღებთ. თუნდაც წინასწარი გაფრთხილების სისტემის სახით. მოგეხსენებათ, 13 ივნისს პრაქტიკულად მოუმზადებლები შევხვდით. თუმცა, ესეც მრავალი სპეციალისტის გადაწყვეტილების შედეგი უნდა იყოს, რადგან ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ ახალ ტრაგედიამდე შეიძლება მიგვიყვანოს.

“რ”: რამდენ წელზე იქნება გათვლილი გენგეგმა?

მ.ს: საბოლოო მიზნის მიღწევას 2030 წლამდე ვგეგმავთ. ამ დრომდე გარკვეული შედეგები უკვე უნდა გვქონდეს. მუშაობა კი უახლოესი თვეებიდანვე დაიწყება.

წყარო: “რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები