„რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის ოლქებში შეიჭრება“

  პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ყირიმის რეფერენდუმის სავარაუდო შედეგებს და მოვლენების შესაძლო განვითარებას პროგნოზირებს. როგორც პოლიტოლოგი სოციალურ ქსელ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ყირიმის რესპუბლიკის შესვლას ყირიმელების 70% მხარს დაუჭერს, რასაც მოჰყვება სხვადასხვა სახის პოლიტიკურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და სამხედრო მოქმედებები რუსეთ-უკრაინას შორის. კირვალიძის შეფასებით, რუსეთის აგრესიამ, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში შეიძლება გაამყაროს აზრი წელსვე საქართველოსთვის მაპის მინიჭების შესახებ, მაგრამ დიდი ალბათობით, რუსეთი არ დაელოდება საქართველოსთვის მაპის მიცემას და აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთსაც რეფერენდუმების საფუძველზე ყირიმივით მიიერთებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლელ მეგობრებთან კონსულტაციების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან აბაშიძე-კარასინის ფორმატში. მისივე თქმით, მოლაპარაკებები საქართველო – რუსეთის პირველი პირების უახლოეს მომავალში შეხვედრასთან დაკავშირებითაც უნდა დაიწყოს.
„16 მარტის რეფერენდუმზე ყირიმელების 70% – ზე მეტი მხარს დაუჭერს ყირიმის რესპუბლიკის შესვლას რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, რასაც 21 მარტის სხდომაზე რუსეთის დუმა “დაადასტურებს”!… ამას მოჰყვება, სხვადასხვა სახის პოლიტიკურ-ეკონომიკური, სამართლებრივი და სამხედრო მოქმედებანი, რუსეთსა და უკრაინას შორის. დიდი ალბათობით, რუსეთის სამხედრო ძალები ყირიმის ნახევარკუნძულიდან გააძევებენ ყველა სახეობის სამხედრო დანაყოფების უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს (მოსალოდნელია შეტაკებები!) და ჩაკეტავენ ყველა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციებს, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულს აკავშირებს დანარჩენ უკრაინასთან. სავარაუდოდ, რუსეთი, ასევე დაიკავებს ან ჩაკეტავს უკრაინის შავი და აზოვის ზღვისპირეთს – ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს ოლქების ჩათვლით!… მოსალოდნელია, რომ უკვე მარტის თვეში გამწვავდეს ვითარება აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში. დონეცკში და ხარკოვში დაპირისპირებისას, უკვე დაიღუპნენ ადამიანები, რომლებიც ასევე მოითხოვენ რეფერენდუმების ჩატარებას და რუსეთთან შეერთებას. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება მათ წინააღმდეგ გამოიყენებს ოფიციალურ შეიარაღებულ ძალას, მაშინ, რუსეთი გადალახავს დღეს არსებულ რუსეთ-უკრაინის სახელმწიფო საზღვარს და შეიჭრება აღმოსავლეთ უკრაინის შემდეგ ოლქებში, – ლუგანსკი, დონეცკი, ხარკოვი… ამის შედეგად, რუსეთი გააკონტროლებს სახმელეთო, საზღვაო და საჰარეო სივრცეს მთელს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში… ყოველივე ამის საპასუხოდ, დასავლეთი შემოიღებს მკაცრ ეკონომიკურ-დიპლომატიურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ!… და მერე კი, დაიწყება “მოლაპარაკებები”… დიახ, უკრაინას მძიმე დღეები, კვირეები, თვეები ელის!! რუსეთის ასეთმა აგრესიამ, დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში შეიძლება გაამყაროს აზრს იმის შესახებ, რომ საქართველოს წელსვე ნატო-ს კარდიფის სამიტზე მიანიჭონ მაპ-ი, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შეიცავს დიდ საშიშროებასაც, რომ რუსეთი, რომელიც დასავლეთთან მაინც ვა-ბანკზე მიდის ყირიმის “შეერთებით” და აღმოსავლეთ უკრაინაში სავარაუდო შეჭრით, დიდი ალბათობით, რუსეთი აღარ დაელოდება საქართველოსთვის მაპ-ის მიცემას, მომავალში ნატოში მის გაწევრიანებას და წინსწრებით, – “რეფერენდუმების საფუძველზე” აფხაზეთს და ე.წ. “სამხრეთ ოსეთსაც” ყირიმივით “მიიერთებს”!!.. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩვენს დასავლელ მეგობრებთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან აბაშიძე – კარასინის ფორმატში, ზევით აღნიშნულ საკითხებთან და საქართველო – რუსეთის პირველი პირების უახლოეს მომავალში შეხვედრასთან დაკავშირებით!!!”, – წერს პოლიტოლოგი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები