საქართველოსა და ჩინეთს შორის ისტორიული „აბრეშუმის გზა“ აღდგება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგა ბუკიამ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილა. დეპუტატის განმარტებით, ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ისტორიული „აბრეშუმის გზა“ აღადგინოს. გარდა ამისა, ბუკიას თქმით, ჩინეთიდან საქართველოში ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ყულევის პორტისთვის პირდაპირი ინვესტიციები შემოვა.
დეპუტატი საქართველოდან ჩინეთში დიდი რაოდენობით ღვინის ექსპორტზეც საუბრობს, მისი თქმით, ექსპორტი იმ მასშტაბებს შეიძენს, რომ ღვინო გაუყიდავი არ დარჩება.
„ მთელი ხელისუფლება ინვესტორების მოზიდვაზე, ახალი საინვესტიციო ბაზრის მოძიებაზეა გადასული, მაგალითად, ესაა ჩინეთი. ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებთან 600 მილირდის ვაჭრობა აქვს. ამ რაოდენობას ვაჭრობს ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც. ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ისტორიული „აბრეშუმის გზა“, რომელიც მუდმივად გადიოდა საქართველოზე და ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი იყო, ისევ აღორძინდეს. „აბრეშუმის გზა“ მოგვიტანს იმას, რომ ჩინეთის ის ტვირთი, რომელიც ევროპაში სხვა გზით მიედინება, უკვე ამ გზით გავა. უკვე 2 მატარებელი შემოვიდა და ეს მატარებლები ევროპაში 7 დღით ნაკლებ დროში მოხვდა. ეს მაგისტრალი როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური სტაბილურობის გარანტი იქნება.
ამავე დროს, ჩინეთთან ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ვაფორმებთ. ჩინეთთან მხოლოდ 2 ქვეყანას აქვს ღვინოსთან დაკავშირებით ნულოვანი გადასახადი, ჩვენც თუ ასე მოგვიწევს, ჩინეთში ღვინის ექსპორტი იმ მასშტაბებს შეიძენს, რომ ღვინო გაუყიდავი არ დარჩება. უკვე მოწერილია ხელშეკრულებებზე ხელი, რომლითაც ჩინეთის ბიზნესმენები დიდი ინვესტიციას დებენ საქართველოში, მაგალითად, ყულევის პორტი, ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს ხელშეკრულებები უკვე მზად არის, ხელმოწერილია და პროექტების განხორციელება იწყება“,- განაცხადა გიგა ბუკიამ.