გმირთა მოედანზე 137 სანთელს აანთებენ

  ქართული არტილერიის გამარჯვების 21 წლისთავთან დაკავშირებით, დღეს გმირთა მოედანზე ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია “ყველა თაობა საქართველოსთვის”.
აღნიშნული ორგანიზაციის ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის ომის ვეტერანები და აფხაზი ახალგაზრდები. ასევე, მიწვეულნი არიან, უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, რადგან ამ ბრძოლაში ქართველებთან ერთად ექვსი უკრაინელი მეომარი გარდაიცვალა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გმირთა მოედანზე შეკრებილები 1993 წლის 15-16 მარტის მოვლენებს გაიხსენებენ, როდესაც აფხაზეთში ქართულმა არტილერიამ ყველაზე დიდი მასშტაბის იერიში მოიგერია და სოხუმი დაცემისგან იხსნა.
ღონისძიების ფარგლებში გმირულად დაღუპული 137 მებრძოლის სახელზე, სიმბოლურად, 137 ანთებული სანთლით საქართველოს რუქა გამოისახება. 21 წლის წინანდელი გმირობის გასახსენებლად კი ჰაერში 21 მანათობელ ფრანს გაუშვებენ.
“სწორედ აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე 15 მარტი ქართული არტილერიის დღედ ითვლება. ეს იყო სოხუმზე დაწყებული ყველაზე დიდი მასშტაბის იერიში, რომელიც სეპარატისტებისა და მათი მხარდამჭერებისთვის ასევე ყველაზე დიდ დამარცხებად იქცა. ამ დღეს მოწინააღმდეგე მხარეს დაეღუპა და დაეჭრა ათას კაცზე მეტი. ეს იყო მათი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარცხი აფხაზეთის ერთწლიან ომში, რის გამოც სეპარატისტებს 16 მარტი გლოვის დღედ აქვთ გამოცხადებული.
ამ სისხლისმღვრელ ბრძოლებში მარტო 23-ე ბრიგადამ 137 სამხედრო დაკარგა, 350-მდე კაცი კი დაიჭრა”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში “ყველა თაობა საქართველოსთვის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები