ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ გელას ძე ყულიჯანიშვილი დაიღუპა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყება მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ვასილ ყულიჯანიშვილის ოჯახს.
“ამ მძიმე წუთებში თავდაცვის სამინისტრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის გვერდში დგას და ღირსეულად მიაგებს პატივს ჯარისკაცის ხსოვნას.
პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილის გარდაცვალების გამო სახელმწიფო დროშები დაუშვეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე.
პატრულირების დროს დაიჭრა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სერჟანტი პაატა ზაურის ძე როსტობაია. 43-ე ბატალიონის მთავარი სამხედრო ექიმის განცხადებით, სერჟანტ პაატა როსტობაიას მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილი მკურნალობას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე არსებულ აშშ-ს არმიის მთავარ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები