„მაგთიკომი“ საქართველოს ყველა სკოლას საჩუქრად წიგნებს გადასცემს
კომპანია „მაგთიკომმა“ გადაწყვიტა, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლას სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთოს და მათ იმ წიგნებს გადასცემს, რომლებიც მათი ინიციატივით შეიქმნა და გამოიცა: „საქართველო და ქართველები“ და „ყოველი საქართველო“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსტროს ინფორმაციით, სამინისტროში წიგნის წარდგენის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მინისტრი, თამარ სანიკიძე, კომპანია „მაგთიკომის“ წარმომადგენლები, წიგნის ავტორები და სკოლის დირექტორები დაესწრნენ.
წიგნი „საქართველო და ქართველები“ პოპულარულ ენაზე მოგვითხრობს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან XX საუკუნის 90-იან წლებამდე და ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის არის განკუთვნილი. „ყოველი საქართველო“ კი, ეპოქების მიხედვით, საქართველოს ისტორიული საზღვრების ცვლილებებს ეხება.
„მაგთიკომის“ მხარდაჭერით გამოცემული წიგნები გაამდიდრებს სკოლის ბიბლიოთეკებს, საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს და მოსწავლეებს განათლების დონის ამაღლებაში დაეხმარება.