იუსტიციის სამინისტროს იორდანიელი პარლამენტარები ეწვივნენ

იუსტიციის სამინისტროში იორდანია-საქართველოს საპარლამენტო თანამეგობრობის ჯგუფის წევრები იმყოფებოდნენ. დელეგაციის წევრები იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა, მიხეილ სარჯველაძემ და გოჩა ლორთქიფანიძემ მიიღეს.
ვიზიტის მიზანი ქართული რეფორმების გაცნობაა, რომლებიც ქვეყანაში სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის, კორუფციის პრევენციის, ღია მმართველობის, საკანონმდებლო რეფორმების კუთხით ტარდება.
იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა სტუმრებს საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობის შესახებ იფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტია საქართველოს ყველა დაბასა და სოფელში მცხოვრებ მოქალაქეებს სწრაფად და კომფორტულად შეეძლოთ სახელმწიფო სერვისების მიღება. ამ მიზნით დიდ ქალაქებში იუსტიციის სახლები შენდება; შედარებით პატარა რაიონულ ცენტრებში საზოგადოებრივი ცენტრები ფუნქციონირებს, რათა ადგილობრივთ სერვისების მისაღებად საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით გამგზავრება არ დასჭირდეთ; პატარა სოფლებს კი „ლიბერთი ბანკის“ მობილური ფილიალები ემსახურება − ექსპრესმომსახურება მოქალაქეებს საბანკოსთან ერთად სახელმწიფო სერვისების მომსახურებების მიღების საშუალებას აძლევს.
იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დღესვე იორდანიის საპარლამენდო თანამეგობრობის ჯგუფის წევრები იუსტიციის სახლს ესტუმრებიან და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან.
იორდანიელ პარლამენტარებთან შეხვედრა მიმდინარე წლის აპრილში ერთხელ უკვე გაიმართა. იორდანიის პარლამენტის წევრები ქართული რეფორმებით არიან დაინტერესებულნი. იორდანია იუსტიციის სისტემის რეფორმირებას იწყებს, ამდენად, მათთვის საქართველოს გამოცდილება ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.
იორდანია-საქართველოს საპარლამენტო თანამეგობრობის ჯგუფის ვიზიტი საქართველოში 25 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები