გია გაჩეჩილაძე მზად არის, “მაესტროს” მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით 10 მილიონი დოლარის საბანკო გარანტია წარმოადგინოს
მთელი საქართველოს გასაგონად ვიძახი, მე ვარ “მაესტროს” გადამრჩენელი, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად, თუმცა პარტნიორები რატომ გაურბიან ჩემს წინადადებას, ჩემთვის უცნობია – ამის შესახებ ტელეკომპანია “მაესტროს” ერთ-ერთმა მეწილემ გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გია გაჩეჩილაძე არხის მართვაში გადაცემას ითხოვს. მისი თქმით, შესაბამისი წინადადებებით პარტნიორებს არაერთი წერილით მიმართა.
“ამ კომპანიაში ძალიან ბევრი სისხლი ჩავაქციე და ყველანაირად შევეწინააღმდეგები, რომ “მაესტროს” გაკოტრება არ დავუშვა. მთელი საქართველოს გასაგონად ვიძახი, მე ვარ “მაესტროს” გადამრჩენელი, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად, თუმცა პარტნიორები რატომ გაურბიან ჩემს წინადადებას, ჩემთვის უცნობია.
მე იგნორირებული ვარ “მაესტროს” მართვისგან. აქამდე ყოველთვის თავს ვიკავებდი საჯარო განცხადებებისგან, მაგრამ ახლა, როცა სასამართლოში შევიდა ტელეკომპანიის გაკოტრების შესახებ განცხადება, ნერვებმა აღარ გამიძლო. მინდა იცოდეს მთელმა საზოგადოებამ და საქართველომ, რომ მე მინდა “მაესტროში” შესვლა მართვით და მინდა ის დავამსგავსო იმ ტელეკომპანიას, რომლის ღირსიც არის ქართული საზოგადოება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ “მაესტრო” არ გაკოტრდეს და იყოს თავის მოწოდების სიმაღლეზე”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მისივე აზრით, “მაესტრო” უნდა იყოს წამყვანი, უფრო გემოვნებიანი ტელევიზია.
“მაესტრო” უნდა იყოს წამყვანი, დამოუკიდებელი, უფრო გემოვნებიანი და ისეთი ტელევიზია, რომელიც დღეს ქართულ საზოგადოებას ეკადრება. დღეს კი, ის ამ სტანდარებს ვერ აკმაყოფილებს. მე აბსოლუტურად სხვანაირი წარმომიდგენია “მაესტროს” ეთერი, ხოლო ამ დროს, ის არის “რუსთავი 2”-ის და “იმედის” “გადამღერება”, – აღნიშნა “მაესტროს” ერთ-ერთმა მეწილემ.
მისი განმარტებით, მზად არის ტელეკომპანიის მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით წარმოადგინოს 10 მილიონი აშშ დოლარის საბანკო გარანტია. გაჩეჩილაძის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ინვესტორებისგან იქნება წარმოდგენილი.
“ინვესტორები წარმოადგენენ ამ ფულს, ინფორმაცია კი იქნება ღია და გამჭვირვალე. ინვესტორებთან, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ მზად ვართ, ერთი კვირის ვადაში გავაფორმოთ ხელშეკრულება მართვაში გადმოცემაზე, კიდევ ერთ კვირაში კი (ანუ ჯამში 2 კვირაში) წარმოვადგინოთ 10 მილიონ აშშ დოლარზე საბანკო გარანტია. ეს აშკარად უკეთესია, ვიდრე გაკოტრება და ლიკვიდაცია”, – აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.
ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ “მაესტროს” გაკოტრებულად გამოცხადების თაობაზე არხის დანარჩენი მეწილეების სურვილი “პოლიტიკურ თემას” უკავშირდებოდეს.