ხვალ, აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისში დაღუპული 17 გმირის სახელზე აგებულ ტაძარს პატრიარქი აკურთხებს

ხვალ, 23 სექტემბერს, გორის რაიონის სოფელ შინდისში, იმ ტერიტორიაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩაბრძანდება. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე აგებულია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი. პროექტ „შინდისის გმირების“ ავტორი რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ მინაშვილია. პროექტის ფარგლებში, აშენდა ეკლესია და გადაღებულია დოკუმენტური ფილმი – „შინდისის გმირები“. 17 გმირის სახელზე აიგება ბრინჯაოს მონუმენტი.
ხვალინდელ ღონისძიებას დაესწრებიან წმინდა სინოდის წევრები, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი მთავრობა, დაღუპული გმირების ოჯახების წევრები და ახლობლები.
ეკლესიას და ტერიტორიას აკურთხებს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, ის ასევე სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას. სიტყვით წარდგებიან მეუფე ანდრია და ვიცე-პრემიერი კახა კალაძე.
საღამოს ჩატარდება კულტურული და სპორტული ღონისძიებები. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორი და რეჟისორი პროექტ „შინდისის გმირების“ ავტორი ედმონდ მინაშვილია, რომელიც საღამოს გახსნის და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუთხრობს შინდისის გმირების ისტორიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები