პრემიერის ხელმძღვანელობით ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ბოლო 9 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო პროფესიული განათლების მნიშვნელობას და ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროექტს –„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“.
სხდომაზე აღინიშნა, რომ პროექტის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი, ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნისა ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში.
„სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს, რომლის ფარგლებშიც რეგიონებში დაახლოებით 30 სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, სან – დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების ფარგლებში 3 უნივერსიტეტში 20–მდე ახალი ობიექტი მოეწყო. მხედველობაში მაქვს ფიზიკა–ქიმიის და ელექტრონული ინჟინერიის ლაბორატორიები. ასევე დასრულდა გამოცხადებული კონკურსი „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომლის ფარგლებშიც 16 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა განაწილდეს. უკვე შემოსულია 70 განაცხადი“,– განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის განმარტებით, სამეთვალყურეო საბჭოს მორიგ სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა მოისმინა ანგარიში ბოლო 9 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ.
„პრემიერ–მინისტრის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი სხდომა. განვიხილეთ აშშ–ის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტში მიმდინარე საკითხები, საქმიანობა. გავაკეთეთ ანგარიში ბოლო 9 თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შესახებ და ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე. ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტი არის ამერიკის მთავრობის გრანტი, რომელიც საქართველომ მიიღო ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბების მიზნით,“– განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველო ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში საინჟინრო, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო განათლების ხარისხის გაძლიერება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები