ტობავარჩხილის ტბაზე დაკარგული 33 წლის გიორგი მუჩიაშვილის დედა ხელისუფლებას შვილის მოძებნაში დახმარებას სთხოვს
2 აგვისტოს ტობავარჩხილის ტბაზე დაკარგული 33 წლის გიორგი მუჩიაშვილის დედა ხელისუფლებას მისი შვილის პოვნისთვის ამ დრომდე გაწეული სამუშაოების გამო მადლობას უხდის და შვილის მოძებნაში დახმარებას სთხოვს. როგორც დაკარგული მოლაშქრის დედამ – ინგა ვეკუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მიუხედავად სამძებრო სამუშაოებისა, მისი შვილის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
გიორგის ძებნაში ჩართულნი იყვნენ მაშველები, მთამსვლელები, მყვინთავები… თუმცა მის კვალს ვერსად მიაკვლიეს.
„ტობავარჩხილზე ორი ტბაა – ზედა და ქვედა. ქვედა ტბასთან რომ მივიდნენ, გიორგი დაიღალა და ჯგუფს ჩამორჩა. მისი თანმხლები მოლაშქრეები კი ზედა ტბისკენ გაემართნენ. ამ დროს დილის ათი საათი იყო, ისინი საღამოსკენ დაბრუნდნენ ქვევით. დაბრუნებისას გიორგი უკვე იმ ადგილას აღარ დახვდათ, სადაც დატოვეს. მან ალბათ გადაწყვიტა ბიჭებს დასწეოდა და მოგვიანებით თვითონაც შესაძლოა, ზედა ტბისკენ გაემართა. ალბათ ამ დროს გზა აებნა. მას შემდეგ მიდის ძიება, თუმცა დღემდე ვერანაირ კვალს ვერ მივაკვლიეთ. იყო მაშველთა 40 -კაციანი ჯგუფი, ძალიან გვეხმარებოდნენ მთამსვლელებიც, მონადირეებიც, მაგრამ ფაქტია, რომ კვალსაც ვერსად მივაკვლიეთ. მთელ ხეობაში ეძებდნენ. ჩასულები იყვნენ ტბაშიც და იქ არ აღმოჩნდა. ჩავედით ბევრჯერ, სურათები დავარიგეთ მოსახლეობაში.
მადლობას ვუხდი დახმარებისთვის ხელისუფლებას და მთამსველელებს. ხელისუფლებას მინდა ვთხოვო, კიდევ ერთხელ გამოყოს უფრომასშტაბიანი ჯგუფი, რომ ის ხეობა უფრო დეტალურად დათვალიერდეს“,- აღნიშნა ინგა ვეკუამ.