„საქართველოში არასდროს დაუჭერენ მხარს რუსეთსა და ევრაზიის კავშირს“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, საქართველოში არასდროს დაუჭერენ მხარს რუსეთსა და ევრაზიის კავშირს.
როგორც მინისტრმა ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ გადაცემა HARDtalk-ში აღნიშნა, საქართველოში თითქმის ყველა ქართულმა ოჯახმა დაკარგა ოჯახის წევრი ბოლო 25 წლის განმავლობაში, მათ რუსი ჯარისკაცები ხოცავდნენ. სწორედ ამიტომ, საქართველოში არასდროს დაუჭერენ მხარს რუსეთს.
მისივე თქმით, საქართველოში არ შეიმჩნევა რუსეთის მომხრეთა რაოდენობის ზრდა.
„ინტერვიუს აღების დროს ევროკავშირი და ევრაზიული კავშირი ერთმანეთში აირია. ხალხის 65% საკმაოდ დიდი რაოდენობაა. არ არის სიმართლე, თითქოს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, პირიქით, ეს მათთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უბრალოდ, ეს ხალხი თავს გრძნობს იმედგაცრუებულად, რადგან აღარ სჯერა, რომ ეს მოხდება ახლო მომავალში. საქართველოში არ შეიმჩნევა რუსეთის მომხრეთა რაოდენობის ზრდა. რაც საქართველოში ხდება, ეს არის რწმენის დაკარგვა ევროკავშირისა და ნატოს მიმართ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო რუსეთის მომხრეთა რიგებში ეწერება. ეს ორი ერთმანეთისგან კარდინალურად განსხვავებული საკითხია. ჩემი თაობა, რომელიც უმთავრეს სამუშაო ძალასა და საარჩევნო მასას წარმოადგენს საქართველოში, ის ხალხია, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს რუსული აგრესია, რუსული აგრესიის შესახებ მხოლოდ წიგნებში არ წაუკითხავთ და სკოლაში არ უსწავლიათ“,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები