„2008 წლის სამიტზე საქართველოს MAP-ი არ გადაეცა და მოსკოვს გზა გაეხსნა საქართველოში შემოსაჭრელად“

ჩვენ ვსაუბრობდით ერთიან ევროპულ მშვიდობაზე, რომელიც არ გამორიცხავს საქართველოს, უკრაინას ან მოლდოვას, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტმა თინა ხიდაშელმა BBC-ის გადაცემა HARDtalk-ში განაცხადა.
„მჯერა საქართველოსი. მჯერა ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების. მჯერა ნატოსი. მჯერა, რომ ერთიანმა ევროპამ მშვიდობიანად უნდა იცხოვროს. თუ ეს ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურება, მაშინ მჯერა, რომ საქართველო და უკრაინა ევროპის ნაწილია. ჩვენ ვსაუბრობდით ერთიან ევროპულ მშვიდობაზე, რომელიც არ გამორიცხავს საქართველოს, უკრაინას ან მოლდოვას“,- აღნიშნა მინისტრმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ პრეზიდენტ ობამას ან საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით შეუსაბამოა, თინათინ ხიდაშელმა უპასუხა.
„მათი განცხადებები და შეხედულებები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე გვახსოვს 1990-იანი წლების ბოლოს ბევრი ქვეყნის ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ არანაირი პერსპექტივა არ არსებობს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ახლო მომავალში ევროკავშირში გაწევრიანდნენ. რა თქმა უნდა, ეს მოსაზრება ძალიან მალე ფუნდამენტურად შეიცვალა. არა იმიტომ, რომ გარკვეული ქვეყნები ცდებოდნენ, როცა გადაწყვეტილებას იღებდნენ, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური სიტუაცია განსხვავებული იყო. გვჯერა დღევანდელი ცვალებადი მსოფლიოსი და დღევანდელი ცვალებადი ევროპის. დარწმუნებულები ვარ, რომ დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში და განსაკუთრებით დღევანდელ ცვალებად ევროპაში, ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს ამ ერთი წლის განმავლობაში, ვიდრე ვარშავის სამიტამდე მივალთ. საქართველოს მგავს ქვეყნებს კი ამ პერიოდში მიეცემათ შესაძლებლობა, რომ მაქსიმუმი გააკეთონ მიზნის მისაღწევად“ – განაცხადა ხიდაშელმა.
HARDtalk -ის წამყვანი ნატოს გაფართოების საკითხის კონტექსტში უკრაინასა და საქართველოში რუსეთის ინტერესების გაძლიერების თემითაც დაინტერსდა.
„როდესაც 2008 წლის სამიტზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) არ გადაეცა, მოსკოვს გზა გაეხსნა საქართველოში შემოსაჭრელად, რაც განახორციელა აგვისტოს თვეში. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ორივე მაგალითი. ეს არის ის ქვეყნები, სადაც ხალხი იღუპებოდნენ ომებში, რისი აღკვეთაც შეეძლოთ ნატოსა და ევროკავშირს“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები