დავით უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებას პასუხობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გუშინ, გამოქვეყნებულ განცხადებას და ვარაუდს იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება „შესაძლოა, აღქმული იყოს როგორც მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლება და მისი წახალისება“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეხმაურება.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად ამ ვარაუდის აბსოლუტური უსაფუძვლობისა და აბსურდულობისა, საგანგაშოა თავისთავად ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რაღაც მიზეზთა გამო, ექმნებათ ამგვარი მოსაზრებები, შთაბეჭდილებები და ვარაუდები.
უსუფაშვილის თქმით, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, მას მიზანშეუწონლად მიაჩნია თემაზე საჯარო დებატებში შესვლა.
უსუფაშვილი კიდევ ერთხელ აქვეყნებს მის მიერ გაკეთებულ კომენტარს.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ გამოაქვეყნა თავისი ვარაუდი იმის შესახებ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება “შესაძლოა, აღქმული იყოს როგორც მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული ზეწოლის გამართლება და მისი წახალისება.” მიუხედავად ამ ვარაუდის აბსოლუტური უსაფუძვლობისა და აბსურდულობისა, საგანგაშოა თავისთავად ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, რაღაც მიზეზთა გამო, ამგვარი მოსაზრებები, შთაბეჭდილებები და ვარაუდები ექმნებათ. საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, მიზანშეუწონლად მიმაჩნია ამ თემაზე საჯარო დებატებში შესვლა. ამასთანავე, იმავე მიზეზის გამო, საჭიროდ ვთვლი, უცვლელად შემოგთავაზოთ ჩემი კომენტარი:
“მე მინდა, რომ ყველას, მათ შორის, მოსამართლეებს, ვთხოვო, პატივი ვცეთ ადამიანების უფლებას, საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე და თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ, ეს ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ; მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, პატივი ვცეთ სასამართლოების დამოუკიდებლობას და ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი.
თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ვარაუდი გამართლდა და ამ განცხადებას რომელიმე მოქალაქე აღიქვამს, როგორც მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლის გამართლებად და წახალისებად, ვთხოვ, დამიკავშირდეს და რაიმე უფრო გასაგები ენით ავუხსნი, რომ აქ საუბარია გამოხატვის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემის და მართლმსაჯულების განხორციელებაში ჩაურევლობის ფუნდამენტური პრინციპების დაბალანსებულ დაცვაზე”, – ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები