თინათინ ხიდაშელი: არ არსებობს მიზეზი დავიჯერო, რომ მოსკოვი მზადაა, ნატოსთან ომში ჩაერთოს
არანაირი მიზეზი არ არსებობს დავიჯერო, რომ ოფიციალური მოსკოვი მზადაა ნატოსთან ომში ჩასართავად – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ტელეკომპანია „ბი-ბი-სის“ გადაცემა HARDtalk-ში აღნიშნა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, დაუყონებლივ ჩაერთვება თუ არა ალიანსი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ კითხვას პასუხი სწრაფად და ძალიან მოკლედ შეიძლება გაეცეს.
„არანაირი მიზეზი არ არსებობს დავიჯერო, რომ ოფიციალური მოსკოვი მზადაა ნატოსთან ომში ჩასართავად, დღევანდელ ევროპაში არსებული გარემოებების მიუხედავად. ამ კითხვაზე ვრცელი პასუხი კი არის ნატოს ისტორია. სადაც კი ნატო გაფართოვდა, ყოველთვის მშვიდობა მოუტანა იმ ქვეყანას. არანაირი მაგალითი არ გვაქვს, რომ ნატოს გაფართოებას რომელიმე ქვეყანაში ომი ან რაიმე გართულება მოჰყოლოდა. პირიქით, ამ ქვეყნების უსაფრთხოება გაიზარდა. ყოველთვის აღვნიშნავ, ბალტიისპირეთის ქვეყნები უსაფრთხოდ ცხოვრობენ არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთისგან თავისუფლები არიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი ნატოში გაწევრიანდნენ. არანაირი მიზეზი არ არსებობს დავიჯერო, რომ საქართველოს შემთხვევაში სხვანაირად მოხდება “, – უპასუხა თინა ხიდაშელმა.