ახალნამშობიარები ქალი, რომელიც ყველამ მიატოვა

32 წლის ქალმა ერთი თვის წინ ბათუმის სამშობიარო სახლში გოგონა გააჩინა. მშობიარე სამშობიაროდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა თავის ტვინის ანთებით. კომაში ყოფნის დროს ახალშობილი თავშესაფარში გადაიყვანეს, თავად ქალი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს. ქალს არავინ ჰყავს. ექიმები არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს მხარდაჭერას სთხოვენ.
ქალი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იმშობიარა, უზბეკეთის მოქალაქეა. მისი ნაცნობი თანამემამულეები ამბობენ, რომ ქალს ქმარი ჰყავს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა. მათივე თქმით, მას გააგებინეს ბავშვის დაბადების შესახებ, მაგრამ მაინც არ ჩამოვიდა. საავადმყოფიში მყოფი ქალის ნაცნობებს არ სჯერათ, რომ ქალს ქმარი მიაკითხავს. ქალის ნაცნობები დაჟინებით ამბობენ, რომ მათ ამ ქალთან არავითარი კომუნიკაცია აღარ სურთ, რადგან ქალის დედა რეკავს უზბეკეთიდან და მათ აშანტაჟებს. „მის შვილს ორი თვეა, როგორც შემიძლია, ისე ვეხმარები მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი თანამემამულეა. ის არ არის ჩემი მეგობარი და დედამისმა მაინც დამიწყო დაშანტაჟება. ტელეფონის გამოცვლასაც კი ვაპირებ“, – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ითხოვა, რომ ამ საკითხზე მეტი აღარ შეაწუხონ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებულ ქალს მხოლოდ მშობლიური ენა ესმის. ის შეზღუდულად მეტყველებს და აზრს ვერ აყალიბებს, თუმცა ცოტა ხნის წინ ცნობიერება იმ დონეზე დაუბრუნდა, რომ საჭმელს დამოუკიდებლად მიირთმევს. ექიმი ამბობს, რომ ის გამუდმებით შვილს ითხოვს და ტირის. „პაციენტის დიაგნოზია მენინგო-ენცეფალიტი, ანუ თავის ტვინის გარსებისა და ნივთიერების ანთება, რის გამოც აქვს მეტყველების მოშლა, თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროში, სადაც არის მეტყველების ცენტრი, აქვს დაზიანება ანთებითი პროცესის გამო, მარჯვენა ხელ-ფეხში – სისუსტე. იყო ძალიან მძიმე, ფაქტობრივად, კომურ მდგომარეობაში. გადმოყვანილია სამშობიარო სახლიდან, დაახლოებით ერთი თვის წინ იმშობიარა. მკურნალობის ფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ჯერჯერობით მდგომარეობა მძიმეა“, – ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერი, ექიმი გია კიკაბიძე.

მისივე თქმით, პაციენტი ახლა უკვე ჭამს დამოუკიდებლად, მაგრამ მკურნალობა კიდევ ესაჭიროება. „მკურნალობის გაგრძელება შეიძლება არა რეანიმაციულ განყოფილებაში, არამედ ჩვეულებრივ პალატაში, სადაც კონტაქტი ექნება თავის ენაზე ახლობლების გარემოცვაში“, – უთხრა გია კიკაბიძემ „ბათუმელებს“. როგორც ექიმი ამბობს, მან პირადად დარეკა უზბეკეთში, ქალის ახლობლებთან, მაგრამ პაციენტის დასახმარებლად დედაც კი არ გამოეხმაურა: „უზბეკეთში ვესაუბრე მის ბიძაშვილს, ვთხოვე, რომ დედამისი დამკავშირებოდა. იმშობიარა ქალმა, შვილიშვილი გყავთ-მეთქი, მაგრამ მათგან არაფერი ინფორმაცია არ ისმის. დამპირდა ის კაცი, რომ შეატყობინებდა დედას, მაგრამ ახლა ჩემს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობენ“. ექიმი ამბობს, რომ არ დაუთვლიათ, ქალს საავადმყოფოს ზუსტად რამდენი ვალი აქვს. ვარაუდობს, რომ რამდენიმე ათასი იქნება. იგი იმედოვნებს, პაციენტის ქმარი ჩამოვა და ვალს გადაიხდის, თუნდაც ეტაპობრივად. „რასაც ჩვენ ვჭამთ, იმას ვუნაწილებთ. რეანიმაციული განყოფილების ექიმები და ექთნები თავიანთ საჭმელს უყოფენ. წყლის მომტანიც კი არავინ ჰყავს“, – ამბობს გია კიკაბიძე. ექიმის თქმით, მისთვის უცნობია, იყო თუ არა ქალის მიმართ რაიმე ძალადობა ან ხომ არ არის ტრეფიკინგის მსხვერპლი. „მე ერთი რამ ვიცი – ეს ქალი მივიღე, როგორც პაციენტი. ახლა ის სადღაც უნდა წავიდეს, პატრონი აუცილებელია, ამის რეაბილიტაციას დიდი ხანი სჭირდება, ბოლომდე შეიძლება არც განიკურნოს, ანუ მეურვე აუცილებელია – მედიკამენტებს მისცემს, აჭმევს… იმედია, მეუღლე ჩამოვა და მიხედავს“.

ქართული კანონმდებლობით, სახელმწიფო უცხო ქვეყნის მოქალაქის მკურნალობას არ აფინანსებს. ამ კატეგორიის ადამიანებისთვის უფასო მშობიარობაც მას შემდეგ გახდა დასაშვები, რაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებოდ მსგავსი შემთხვევებისთვის თანხა გამოყო. „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადოების“ ხელმძღვანელი, ნანა ნაზაროვა ამბობს, რომ შეეცდება, მშობიარე ქალი რომელიმე პროგრამაში ჩასვას, თუმცა ამისათვის მას სათანადო დასაბუთება დასჭირდება, მაგალითად, ის, რომ ქალი მსხვერპლია. ნანა ნაზაროვას ინფორმაციით, უზბეკეთის საკონსულო მზად არის ქალის სამშობლოში ტრანსპორტირება უზრუნველყოს, თუმცა ამისთვის საჭიროა სათანადო დოკუმენტების მომზადება, მაგალითად, ბავშვის დაბადების მოწმობა. “ბათუმელებმა” ჯერჯერობით ჯერ მოახერხა იმის გარკვევა, რამდენად შესაძლებელია, უცხო პირმა, მაგალითად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა აიღოს ახალშობილის დაბადების მოწმობა. ასევე ჯერჯერობით ვერც იმის გარკვევა ხერხდება, არსებობს თუ არა სახელმწიფოში რაიმე პროგრამა, რომელიც მსგავსი შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს გაიღებს.
წყარო: “ნეტგაზეთი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები