კახა კახიშვილმა გიორგი ბადაშვილის შესაძლო ჩანაცვლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის შემცვლელად ინიშნება, კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ქვეყანას ჰყავს მთავარი პროკურორი და საუბარი იმის შეცვლაზე საერთოდ არ ყოფილა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო ამ საკითხზე საუბარი დღეს.
„ამ საკითხზე არანაირი კონსულტაციები არც გამართულა და ვერც გაიმართებოდა, რადგან, როგორც ვიცი, პრეზიდენტს არც აქვს ხელი მოწერილი კანონზე. რატომ უნდა იყოს ამაზე საუბარი დღეს, ცოტა გაუგებარია“, – განაცხადა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თანახმად, საპროკურორო საბჭო იქმნება, რომელიც მთავარ პროკურორს აირჩევს. მთავარ პროკურორს კი, თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარადგენს.
სწორედ ამ ცვლილებების პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარ პროკურორს გიორგი ბადაშვილს სასჯელაღსრულების მოქმედი მინისტრი კახა კახიშვილი ან ბადაშვილის მოადგილე ირაკლი შოთაძე შეცვლის.