დემოგრაფიული განვითარების ფონდი სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული ჩანაწერების გაუქმებას ითხოვს

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონს, “სისხლის სამართლის კოდექსსა” და “შრომის კოდექსში” შესატან ცვლილებებს გულისხმობს.
კერძოდ, პროექტის ავტორი დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი ზვიად ტომარაძე, სექსუალური ორიენტაციისადა გენდერული იდენტობის ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციის ამკრძალავი ჩანაწერების გაუქმებას ითხოვს.
“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ამოღება ხდება კანონის იმ ჩამონათვლიდან, რომელიც სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს.
“სისხლის სამართლის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებებით, დანაშაულის დამამძიმებელი გარემოება არ იქნება სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული.
დემოგრაფიული განვითარების ფონდი კოდექსის იმ ჩანაწერის გაუქმების ინიციატივითაც გამოდის, რომელიც აღნიშნული ნიშნით ადამიანის თანასწორობის დარღვევაზე პასუხისმგებლობას აწესებს.
რაც შეეხება “შრომის კოდექსთან” დაკავშირებით შემოთავაზებულ პროექტს, კოდექსის იმ ნორმიდან, რომელიც შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას ეხება, სექსუალური ორიენტაციის, როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმის ამოღება ხდება.
საკანონმდებლო ცვლილებების პარლამენტში ინიცირება დეპუტატმა სოსო ჯაჭვლიანმა განახორციელა.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა და ის განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები