დავით უსუფაშვილი გიორგი პაპუაშვილს პასუხობს – თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ, ეს ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ
პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მხრიდან ზეწოლის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს. დავით უსუფაშვილი მოსამართლეებს თხოვნით მიმართავს, რომ პატივი სცენ ადამიანების უფლებას, საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე.
მისი თქმით, თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ, ეს ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ.
“მუქარა – ეს სიტყვა მე არ გამიგია, მე მოვისმინე – ზეწოლა… ვინაიდან საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გადაწყვიტა, თავისი პროტესტი ქუჩაში გამოსვლით გამოეხატა. მე მინდა, რომ ყველას, მათ შორის, მოსამართლეებს ვთხოვო, პატივი ვცეთ ადამიანების უფლებას, საკუთარი მოსაზრების გამოთქმაზე და თუ ადამიანებს აქვთ რაღაც სათქმელი, მათ შეუძლიათ, ეს ქუჩაში გამოსვლითაც გამოხატონ და მე ასევე მივმართავ მოქალაქეებს, რომ პატივი ვცეთ სასამართლოების დამოუკიდებლობას და ჩვენი მოსაზრებები ისე გამოვთქვათ, რომ ხელი არ შევუშალოთ მართლმსაჯულების განხორციელებას, ასე რომ, მე აქ რაიმე სერიოზულ პრობლემებს ვერ ვხედავ, სასამართლოს თავმჯდომარე, ერთი მხრივ, ვალდებულია, სასამართლოს ნორმალური ფუნქციონირება უზრუნველყოს, მაგრამ მოქალაქეს ვერავინ წაართმევს იმის უფლებას, რომ მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში, თავისი მოსაზრება გამოხატოს. შევეგუოთ იმას, მათ შორის, პირველ რიგში, მოსამართლეები, რომ ძალიან ხშირად, ჩვენი გადაწყვეტილებები არ იქნება ყველას მიერ მოწონებული და იქნება კრიტიკა, სასამართლოში ადამიანები არ მიდიან იმისთვის, რომ მერე ერთად ბედნიერები გამოვიდნენ იქიდან, აი ამასაც უნდა შევეგუოთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ განცხადება გააკეთა.
კონრეტულად ვინ ახორციელებს ზეწოლას, პაპუაშვილი არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ ეს გამოძიების საქმეა.
„მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, გახშირდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე და მათ ოჯახებზე. ცალკეული პირები მათ საცხოვრებელ სახლებთან იკრიბებიან. ისმის მუქარის შემცველი განცხადებები. მე პირდაპირ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ადეკვატური და დროული რეაგირება მოახდინონ აღნიშნულთან დაკავშირებით. ასევე, მინდა მოვუწოდო პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც სასამართლოს შიდა პროცედურულ საკითხებთან არის დაკავშირებული. ზეწოლის მცდელობები არის ჩემი მისამართითაც. მიმაჩნია, რომ ეს ხელს უშლის სასამართლოს მუშაობას და აზიანებს ქვეყნის პრესტიჟს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.