ანტონიო ბარტოლი: ბარიში ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ბანერის მოხსნა, იტალიის საგარეო უწყების ჩარევით მოხდა
„ზოგიერთ აფხაზურ მედიაში გავრცელდა საფუძველს მოკლებული ცნობები და განცხადებები, რომელთა თანახმად, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელი შეუწყო ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტს ქ. ბარის გამოფენაზე – „ფიერა დელ ლევანტე“, – განაცხადა თბილისში იტალიის ელჩმა ანტონიო ბარტოლიმ.
საქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ბარტოლის განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული. ანტონიო ბარტოლის განცხადებით, ქ. ბარიში „ფიერა დელ ლევანტეს“ საგამოფენო სტენდიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ბანერის მოხსნა, უშუალოდ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევით მოხდა.
„საჭიროდ მიმაჩნია ხაზი გავუსვა, რომ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამასთან დაკავშირებით არანაირი თანამშრომლობა არ გაუწევია. პირიქით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევით მოხდა „ფიერა დელ ლევანტეს“ საგამოფენო სტენდიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ბანერის მოხსნა. როგორც კარგად არის ცნობილი, ამ მცნებასა და სახელწოდებას ჩვენი მთავრობა არ აღიარებს, პირიქით, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროკავშირის ფართო ჩარჩოებში და გაერთიანებული ერების პოზიციის შესაბამისად გატარებულ არაღიარების პოლიტიკას“, – დაამატა ელჩმა.
„იტალია ხელს უწყობს საქართველოს ჩართულობის პოლიტიკას და მის ფარგლებში აფხაზეთის რეგიონთან კონსტრუქციულ დიალოგს, აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი სახის შეუსაბამო ქმედებას შეუძლია, ამ ძალისხმევას ზიანი მიაყენოს.
ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო პალატასა და იტალიურ ქალაქ მატერას სავაჭრო პალატას შორის შესაძლო ხელმოწერილი შეთანხმებები ძალის არმქონეა. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, (რომელსაც – საპირისპიროს მტკიცების მიუხედავად, – ამ შემთხვევაშიც არანაირი როლი არ შეუსრულებია) აღნიშნულის თაობაზე შეატყობინა Unioncamere-ს, ორგანიზაციას, რომლიც ყველა იტალიურ სავაჭრო პალატას აერთიანებს. და ბოლოს, ასევე მსურს ავღნიშნო, რომ არ არსებობს არანაირი შეთანხმება, ხელმოწერილი იტალიის რეწვისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ეროვნულ კონფედერაციასთან“, – აღნიშნულია ელჩის კომენტარში. შეგახსენებთ, რომ იტალიაში, ბარიში, ფიერადელ ლევანტეს ექსპოზიციაზე, სადაც ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად იყო წარმოდგენილი, აფხაზეთის ე.წ. მთავრობის წარმომადგენლები გამოფენიდან გამოაძევეს.
როგორც „კვირას“ იტალიაში საქართველოს ელჩის უფროსმა მრჩეველმა დავით ბაზერაშვილმა განუცხადა, ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმა შეცდომაში შეიყვანეს გამოფენის ტექნიკური ადმინისტრაციის პერსონალი და დღეიდან გამოფენაზე აფხაზური სტენდიც აღარ ჩანს.
„იტალიაში, ბარიში, ფიერადელ ლევანტეს ექსპოზიციაზე ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად იყო წარმოდგენილი და სხვადასხვა პროდუქცია ჰქონდათ გამოტანილი. საქართველოს საელჩომ იტალიაში მაშინვე მოახდინა რეაგირება და იმავე დღეს მიმართა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
მჭიდროდ ვთანამშრომლობდით იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ბოლო ორი დღის განმავლობაში მათი სტენდი უბრალოდ იდო, მაგრამ აღარ მუშაობდნენ. თუმცა, დღეს დილიდან სტენდიც აიღეს და საერთოდ აღარ გამოჩენილან, თვითონ გამოფენა კი 22 სექტემბერამდე გასტანს“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას დავით ბაზერაშვილმა.
ცნობისათვის: იტალიაში, ქ. ბარიში გამართულ გამოფენაზე (ფიერადელ ლევანტეს ექსპოზიციაზე) ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად იყო წარმოდგენილი. დელეგაციის შემადგენლობაში კი დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და ე.წ. პალატის სხვა წარმომადგენლები შედიოდნენ.