ვინ „აწერს“ ფულს სკოლებს – „დირექტორებს თავიანთი თავის ჩაშვებაშიც კი ფულს ახდევინებენ“

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დათო ფერაძე გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ კორუფციული სქემის არსებობაზე საუბრობს. საქმე ეხება შპს “საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფს“, რომლის უკანაც, ფერაძის მტკიცებით, სამინისტროს მაღალჩინოსნები დგანან და მათთან ლეგალიზებულად ნაძარცვი ფული მიედინება.
“ძარცვისა და შანტაჟის პროცესი შენიღბულია იმით, რომ სკოლებს ღიად კი არ ძარცვავენ, არამედ ეს საქმე დავალებული აქვს საკონსულტაციო ჯგუფს და თითქოს ყველაფერი კანონის ფარგლებშია მოქცეული. მე ვიტყოდი, ეს არის უპრეცედენტო აფიორა. შპს “საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფის“ ფუნქციებში შედის ის, რაც ისედაც აკისრია განათლების სამინისტროს, რესურსცენტრებსა და სკოლის ადმინისტრაციებს, აბა, ახალს რას მოიგონებდნენ? სინამდვილეში კი ამ ჯგუფით ხდება სანიკიძის კორუფციული აფერის ლეგალიზება. სკოლებს კი არ სთავაზობენ, აიძულებენ, შეისყიდონ ჯგუფის ვითომც ადმინისტრაციული მომსახურება. რას ნიშნავს ეს? აბა, სკოლის ადმინისტრაცია რით ემსახურება სკოლას? კვებით? თუ ნავთობის მოპოვებით? საკონსულტაციო ჯგუფის “სავიზიტო ბარათია“ სამინისტროს ხსენება. დირექტორს რომ ეტყვი, სამინისტროს თხოვნააო, ან შემოთავაზებაო, ეს უკვე გულისხმობს იმას, რომ დირექტორი უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს.
საკონსულტაციო ჯგუფთან თავსმოხვეული ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სკოლა შეისყიდის საკონსულტაციო ცენტრის მომსახურებას და ყოველთვიურად გადაიხდის 100-დან 350 ლარამდე გადასახადს.
“შებრალებასაც“ იჩენენ და თანხის მოცულობა დამოკიდებულია მოსწავლეთა კონტინგენტზე. ხელშეკრულებები გაფორმებულია ამ წლის დეკემბრის ბოლომდე. მომავალი წლიდან ალბათ განახლდება. თბილისის ყველა სკოლაში შეაღწიეს,ზოგმა გაბედა და უარი უთხრა. ჩადიან რეგიონებშიც. გასაცოდავებული ბიუჯეტის მქონე სკოლებშიც. მათაც კი არ ინდობენ და ზოგიერთის ბიუჯეტი, შეიძლება ნულამდეც კი დაიყვანეს ამ ლეგალური ძარცვით“, – განმარტავს ფერაძე.
მისივე თქმით, “დახარკული“ სკოლების რიცხვი 400-მდეა, ანუ ეს ნიშნავს, რომ სკოლებს 80 ათას ლარამდეა ან მეტიც უკვე “შეაწერეს“. ფერაძე ამბობს, რომ თანხის არალეგალური მაკონტროლირებელია სამინისტროს შიდა აუდიტი.
აუდიტის ხელმძღვანელი კი “რუხი კარდინალი“ ალექსანდრე ონოფრიშვილი ყოფილა.
ფერაძე გამოძიების დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვს. “ამის გარდა, ონოფრიშვილის ხელში ამით დამატებითი სადავეებიც აღმოჩნდა. ანუ თუ საჭიროდ ჩათვლის , ვითომც იურიდიული მომსახურებისთვის დასაშანტაჟებელ სკოლაში შევა საკონსულტაციო ჯგუფის წარმომადგენელი, რომლის მისიაცაა დარღვევების აღმოფხვრაში დახმარება. აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია მივა ონოფრიშვილის სამსახურში, რის საფუძველზეც პასუხისმგებლობაც შეიძლება დააკისრონ მიზანში ამოღებულ დირექტორს, ანუ დირექტორებს თავიანთი თავის ჩაშვებაშიც კი ფულს ახდევინებენ“, – აცხადებს დათო ფერაძე.
“კვირის ქრონიკა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა.
უწყება გამოცემის კითხვებს ელექტრონული ფორმით პასუხობს. სამინისტროში “კვირის ქრონიკის“ კითხვის: “აიძულებენ თუ არა სკოლებს ადმინისტრაციული მომსახურების შესყიდვას“, საპასუხოდ აცხადებენ, რომ კითხვის შინაარსი კატეგორიულად არ შეესაბამება სიმართლეს. “სამართლებრივ დახმარებას საჯარო სკოლებს უწევს რესურსცენრის იურისტი. თუმცა, უნდა აღინიშნის, რომ საქართველოს კანონით “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”, განსაზღვრულია სსიპ-ის უფლებები, ამ კანოონის მე-3 და მე-10 მუხლები ცალსახად ადგენს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დამოუკიდებლად დებს გარიგებებს და სსიპ-ის ხელმძღვანელი ორგანიზაციის წესდების ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს. სამინისტროს უფლებამოსილება შემოფარგლულია სახელმწიფო კონტროლით, რაც გულისხმობს სსიპ-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
ანალოგიერად არეგულირებს საჯარო სკოლის მართვის საკითხს საქართველოს კანონი “ზოგადი განათლების შესახებ” , კერძოდ, ამ კანონის 43-ე მუხლით ასევე გასაზღვრულია სკოლის დირექტორის ფუნქციები, რომელიც დამოუკიდებლად მართავს სკოლას (სკოლის მმართველობის ორგანოებთან ერთად), რაშიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ ერევა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო სკოლის დირექტორის გადასაწყვეტია საკითხი, რა სახის მომსახურება სჭირდება სკოლას დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად“,-აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
“კვირის ქრონიკის“ კითხვაზე – აქვთ თუ არა სკოლებს არჩევანის თავისუფლება იურიდიული კომპანიის არჩევის დროს, – უწყებაში აცხადებენ, რომ წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად სკოლებს აქვთ არჩევანის თავისუფლება.
“ცალსახად აღსანიშნავია, რომ წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად სკოლებს აქვთ არჩევანის თავისუფლება, კანონის ფარგლებში ნებისმიერი შესყიდვისა თუ მომსახურების გასაწევად კომპანიის არჩევის/შერჩევის გადაწყვეტილების მიღებაში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღეს სკოლებს იურიდიული მომსახურებისთვის კომპანიის დაქირავება არ სჭირდებათ. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც სკოლა, საჭიროებიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას და ქირაობს კომპანიას კომბინირებული მომსახურებისთვის, როგორიც არის შესყიდვები, მენეჯმენტი, აუდიტი და ა.შ..“, -აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები