„ბერკუტის“ ვეტერანი: კიევში მოქალაქეებისთვის არ გვისვრია
„ბერკუტმა“ ყირიმში რამდენიმე ადამიანი დააკავა.დაკავებულებს თან ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი და სპეციალური სითხით სავსე დიდი რაოდენობით შპრიცები ჰქონდათ, რომელიც დაუზუსტებელი ინფორმაციით აქციის მონაწილეების მასობრივი განადგურებას ისახავდა მიზნად, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახური სპეცსამსახურის თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბი-ბი-სი“ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე „ბერკუტის“ ვეტერანს ვლადიმერ კრაშევსკისაც ესაუბრა. მისი თქმით, „ბერკუტელები“ ყირიმში არიან მობილიზებულები და ამოწმებენ ავტომობილებს, დოკუმენტაციას, რათა არ დაუშვან ყირიმში პროვოკატორების შესვლა, არ მოხდეს იარაღის და მოლოტოვის კოქტეილების შეტანა.
„ბერკუტელის“ განცხადებით, მაიდანზე იარაღი „მარჯვენა სექტორის“ წარმომადგენლებს შეჰქონდათ. რაც შეეხება თავად სამართალდამცავებს, მისი თქმით, ისინი ხალხს კი არა, მიწაზე ისროდნენ.
„მაიდანზე იარაღი „მარჯვენა სექტორს“ შემოჰქონდა. ჩვენ კი ყველაფერი ზუსტად გვქონდა განსაზღრული და ვიცოდით, რომ არავითარ შემთხვევაში იარაღი უცხო ადამიანის ხელში არ უნდა მოხვედრილიყო. ის იარაღები კი, რომელიც ჩვენ გვქონდა, იარაღის საცავში ინახება და მათ არავინ მალავს. თუკი ნორმალური გამოძიება ჩატარდება, დამტკიცდება, რომ არცერთ „ბერკუტელს“ ხალხისთვის არ უსვრია არც ისე და და არც სნაიპერის მეშვეობით. ჩვენ ხალხის წინ მიწაზე ვისროდით, დიახ, ვისროდით, მაგრამ არა ხალხის მიმართულებით“, – განაცხადა ვლადიმერ კრაშევსკიმ.