პირებისთვის, რომლებმაც სამშვიდობო ოპერაციებში ჯანმრთელობა დაიზიანეს, საგადასახადო შეღავათი წესდება
თავდაცვის სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომლის მიხედვით, პირები, რომლებმაც სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღეს, შესაძლოა, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდნენ.
საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ დაიბეგრება ზემოთ აღნიშნული პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, დღეის მდგომარეობით, სამშვიდობო ოპერაციებში დასახიჩრებულ სამხედრო მოსამსახურეებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი არ აქვთ და ისინი სამკურნალო შვებულებაში იმყოფებიან. ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი, შეღავათი, დაახლოებით, 55 პირზე გავრცელდება. აღნიშნული პირების დაუგებრავი საშემოსავლო გადასახადი, ჯამში, კალენდარული წლის განმავლობაში, დაახლოებით 66 000 ლარს შეადგენს.