მასწავლებლის სახლების აშენება კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებშიც იგეგმება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თელავსა და ახალციხეში ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც სამომავლოდ, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მასშტაბით მასწავლებლის სახლები აშენდება.
როგორც “კვირას” ცენტრიდან აცნობეს, მასწავლებლის სახლები აღნიშნული რეგიონების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიმართულებით იფუნქციონირებს და ორგანიზებას გაუწევს როგორც გრძელვადიან და მოკლევადიან ტრენინგებს, ისე სემინარებს, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს.
მასწავლებლის სახლების ამოქმედება, კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების გარდა, სამეგრელოსა და გურიის მასშტაბითაც იგეგმება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უკვე დამტკიცებულია კონცეპტუალური მოდელი, რომლის მიხედვით რეგიონებში მასწავლებლის სახლები შეიქმნება.
ცენტრის დირექტორმა, გიორგი მაჩაბელმა ვიზიტის ფარგლებში ახალციხის N1 და თელავის N9 საჯარო სკოლები დაათვალიერა და პედაგოგებს ახლახან გამოცემული სქემის გზამკვლევი პირადად გადასცა. გზამკვლევში დეტალურადაა განმარტებული მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ყველა დეტალი, რაც მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციებს გაუმარტივებს სქემით გათვალისწინებული საქმიანობების განხორციელებას.