საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ მუშაობა დაიწყო

დღეს, ეროვნული ბანკისგან გამოყოფილმა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ მუშაობა დაიწყო. უწყების ხელმძღვანელი კოტე სულამანიძეა, ხოლო საბჭოს თავმჯდომარე -ირაკლი კოვზანაძე.
სულამანიძე და კოვზანაზე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, რომ ისინი ეროვნულ ბანკთან აქტიური კოორდინაციის რეჟიმში აპირებენ აქტიურად მუშაობას. მათივე თქმით, უწყების მთავარი ამოცანა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა და ეროვნულ ბანკში პროფესიონალი კადრების შენარჩუნებაა.
“ჩვენ გვაქვს გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს ყველა პროცედურის გავლა და სამუშაო მდგომარეობაში სააგენტოს გადასვლა. ჩემს წარმოდგენაში ეს გულისხმობს უპირველეს ყოვლისა მაღალკვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებას ყველა იმ პოზიციაზე და ყველა პროფესიონალის შენარჩუნებას, რომელიც ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკში არის. ამის შემდეგ არის ჩამოსაყალიბებელი სააგენტოს ბიუჯეტი, რომელიც ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა შეთანხმდეს და პრაქტიკულად, გადმოსაბარებელია ყველა ის საქმე, ნებისმიერ ქართულ ბანკთან ან საფინანსო ბაზრის მონაწილესთან დაკავშირებით, რომელიც დღევანდელ დღეს ეროვნულ ბანკში არის”, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
სულამანიძის თქმით კი, სააგენტო თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს სწორი საფინანსო პოლიტიკის წარმართვითა და სწორი გზის არჩევით, რაც საბოლოოდ, ქვეყნისა და ეროვნული ვალუტის სტაბილურობის გარანტი იქნება.
“ლარის დასტაბილურება რეალურად დამოკიდებულია ფინანსური პოლიტიკის სწორი წარმართვით. ჩვენ ჩვენი ბერკეტებით , კანონის ფარგლებში, ვიმოქმედებთ მაქსიმალურად, რომ ამას ხელი შევუწყოთ. არის ბევრი გზა და ბევრი თემა არ მიმართულებით და მთავარია, სწორი გზა ავირჩიოთ”, – განაცხადა კოტე სულამანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები