გიორგი პაპუაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, 16 სექტემბერის შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გიგი უგულავას სარჩელზე ერთხმად გამოაცხადა გადაწყვეტილება, ცალკეულ მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლის ფაქტები გახშირდა. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ზეწოლა გამოიხატება მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფების მიერ მოსამართლეების საცხოვრებელ სახლებთან შეკრებით და მათი ბლოკირების მცდელობით. პაპუაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტებზე.
“16 სექტემბერს მას შემდეგ, რაც საკონსტუტუციო სასამართლოს პლენუმმა ერთხმად გამოაცხადა გადაწყვეტილება, გახშირდა ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ცალკეული პირები იკრიბებიან მოსამართლეების საცხოვრებელ სახლებთან, აკეთებენ მათ ბლოკირებას, ისმის მოწოდებები ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით და მუქარის შემცველი განცხადებები, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს მოსამართლეების, მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას.
მე პირდაპირ მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ამ ფაქტებზე, რათა ნორმალური ფუნქციონირება შეძლოს საკონსტიტუციო სასამართლომ. ასევე, მინდა მოვუწოდო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციების გავრცელებისგან, რაც დაკავშირებულია სასამართლოს შიდა პროცედურულ საკითხებთან. ასევე, ველოდები პოლიტიკოსებისგან, რომ ისინი დაგმობენ ამგვარი ზეწოლის ფაქტებს სასამართლოზე და მოსამართლეებზე“, – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში და თბილისში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სახლთან საპროტესტო აქცია უგულავას მოწინააღმდეგეებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე გამართეს. ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეებმა სახლს პომიდვრები და კვერცხები დაუშინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები