დავით უსუფაშვილი: საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო უფლებამოსილია, მუშაობას შეუდგეს
ამ წუთის მდგომარეობით, საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭო დაკომპლექტებულია და უფლებამოსილია, შეუდგეს მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საბჭოს კანდიდატურების არჩევნების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ მათ საქმიანობაზეა დამოკიდებული ეროვნული ბანკის რეფორმის წარმატება.
“ვუსურვებ მათ წარმატებებს ამ რთულ საქმეში. მათ საქმიანობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული იმ რეფორმის წარმატებასთან დაკავშირებით, რაც ეროვნული ბანკის სისტემაში მოხდა და, რასაც იმედით ველით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტმა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს წევრებად მთავრობის მიერ წარდგენილი ოთხი წევრი დღეს აირჩია.
საბჭოს შემადგენლობაში არიან: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელსაც თავად ეროვნული ბანკის საბჭო დანიშნავს.
დღეს მმართველმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საბჭოს წევრად 5 წლის ვადით წარდგენილ ეფრემ ურუმაშვილის კანდიდატურას, ხოლო 7 წლის ვადით – ეკატერინე გალდავას, ირაკლი კოვზანაძისა და საშა ტერნესის კანდიდატურებს.