“საქმის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მოცემულ მომენტში უგულავას პატიმრობის საჭიროება აღარ არსებობდა”

„პროგრესული გადაწყვეტილება“- ასე შეაფასა კონსტიტუციონალისტმა ლადო სანიკიძემ უგულავას საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასმართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება. მისი განმარტებით, საქმის იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც უგულავას საქმეა, ის ვერაფერს ისეთს ვერ გააკეთებს, რის გამოც აუცილებელი იყოს წინასწარი პატიმრობის შეფარდება.
„საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დაჩქარებულად მიიღო უგულავას სარჩელი, ჩაატარა პროცედურები, რადგან საკითხი ადამიანის თავისუფლებას ეხებოდა. შემჭიდროებულ ვადებში მოხდა რაღაცები. სასამართლოს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეუწყვეტია, მან ის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლა. საქმის იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც არის უგულავას საქმე, ის ვერაფერს ისეთს ვერ გააკეთებს, რის გამოც აუცილებელი იყოს წინასწარი პატიმრობის შეფარდება.
პროკურორები ისე მირბიან სასამართლოში, რომ არ იძიებენ, არ იცნობენ მტკიცებულებებს და ისე ითხოვენ მის წინასწარ პატიმრობას და შემდეგ ამ ადამიანების იქ დატოვებას. გიგი უგულავას და მისი მეგობრების ხელისუფლებაში ყოფნის დრო რომ გავიხსენოთ, მაშინ ნამდვილად ბევრ ადამიანს ამყოფებდნენ ციხეში დაუსაბუთებელი, ოღონდ „კანონიერად გამოტანილი განაჩენებით“. კანონიერი ეს ქაღალდზე იყო, რიცხვი, ადგილი და ის, თუ რომელმა მოსამართლემ გამოაცხადა განაჩენი, თორემ შიგ რომ ჩავიხედოთ, განაჩენების 90% კანონიერი არ იყო“,- განაცხადა ლადო სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები