დავით ნარმანიამ ვარშავის კონგრესზე საქართველოში დემოკრატიის განვითარების შესახებ ისაუბრა

თბილისის მერი დავით ნარმანია ვარშავაში, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო. ღონისძიებაზე თბილისის მერმა შეკრებილ საზოგადოებას საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებით არსებული ვითარება გააცნო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების კუთხით სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. იმსჯელეს საქართველოზეც, რომელიც ამჟამად პოსტმონიტორინგის ფაზაში იმყოფება. ღონისძიებაზე საქართველოში არჩევნების შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში წარადგინეს, სადაც ნათქვამია, რომ მომზადებული გზამკვლევი, რომელშიც ასახულია ყველა ის საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვისაა საჭირო ,საქართველოს ხელისუფლებასა და კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მხრიდან შეთანხმებულია, მალე დამტკიცდება და საქართველოს გადაეცემა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ანგარიშში სათანადოდ არის შეფასებული საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმები. ამავე დროს, დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და ყურადღება გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა.
“ჩვენ არ ვჩერდებით არჩევნებზე და არჩევნებიდან არჩევნებამდე პერიოდში უმოქმედოდ არ ვართ. მუდმივად ვატარებთ რეფორმებს. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ და წლების განმავლობაში გავატაროთ ისეთი რეფორმები, რომ ნამდვილად ადგილობრივი დემოკრატია ჩამოვაყალიბოთ ქვეყანაში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის თქმით, საქართველო კონგრესის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული და სწორედ ამიტომაც, ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებისთვის კონგრესი საქართველოში მთელ რიგ აქტივობებს ახორციელებს.
“ძალიან მოხარული ვარ, რომ თბილისის მერი, დავით ნარმანია იმყოფება აქ და აქტიურად მონაწილეობს კონგრესის საქმიანობაში. ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ ხელისუფლებებთან, რათა მივაღწიოთ პროგრესს სხვა მონაწილე ქვეყნების გამოცდილების გაზიარების გზით”,- განაცხადა ანდრეას კიფერმა.
მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას, თბილისის მერთან ერთად, რუსთავის მერი დავით ჯიქიაც ესწრებოდა. პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში დღეს ქალაქის მერი ევროპული ქარტიის 30 წლისთავთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები