დავით ზურაბიშვილი: გიგი უგულავა პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ზურაბიშვილი გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ყველაფერი არის ძალიან მარტივად.
მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო, მასზე მაღალი ინსტანცია ქვეყანაში არ არსებობს და მისი გადაწყვეტილების აღსრულება არის სავალდებულო.
ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლი არის ანტიკონსტიტუციური.
მას არ განუხილია და არ დაუდგენია გიგი უგულავას თუ რომელიმე სხვა პიროვნების ბრალეულობა–უდანაშაულობის საკითხი. ეს ცალკე თემაა და პროცესი, ბუნებრივია, გაგრძელდება.
„ზემოთქმულიდან გამომდინარე, გიგი უგულავა და ყველა ის პირი, რომლებსაც პირდაპირ და უშუალოდ ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, აუცილებლად და უმოკლეს ხანში უნდა გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.
ის, რომ უგულავას წინააღმდეგ მიდის სასამართლო პროცესი, მისი წინასწარ პატიმრობისგან გათავისუფლების წინაღობად არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს. მით უმეტეს, დაუშვებელი იქნება განაჩენით გამოტანილი პატიმრობით წინასწარი პატიმრობის გადაფარვის მცდელობები.
რაც შეეხება ამ საქმის პოლიტიკურ შემადგენელს, ცხადია, ხელისუფლების დიდ მიღწევად ვერ ჩაითვლება ის ფაქტი, რომ დედაქალაქის ყოფილი მერი და ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ლიდერი ცხრა თვეზე მეტხანს იყო წინასწარ პატიმრობაში, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ, სრულიად სამართლიანად ცნო კონსტიტუციასთან შეუსაბამო ნორმად, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ასეთი რამ შესაძლებელი გახდა, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირებისთვის. ის დრო, როდესაც სასამართლო სისტემა პროკურატურის მონა–მორჩილი იყო და პოლიტიკურ დაკვეთას უსიტყვოდ ასრულებდა, იმედია, სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს და თუ დღეს ეს საქმე შესაძლოა, ხელისუფლების პოლიტიკურ მარცხად აღიქვას ვინმემ, ხვალ იგი შესაძლოა, ამ ხელისუფლების ერთ–ერთ მნიშვნელოვან წარმატებადაც კი აღიარონ“, –აღნიშნა ზურბიშვილმა.