თინათინ ხიდაშელი დევიდ ლიდინგტონს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპის მინისტრთან დევიდ ლიდინგტონთან შეხვედრით გაგრძელდა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
დევიდ ლიდინგტონთან შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემები იყო: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები, ნატოს ვარშავის მომავალი სამიტი და საქართველოს პოზიციები.
როგორც ევროპის მინისტრმა აღნიშნა, გაერთიანებული სამეფო მზად არის, აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების უზრუნველყოფის პროცესში და საქართველოსთან ერთად შეიმუშავოს ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას.
თინათინ ხიდაშელის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო აქტიურად მონაწილეობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელების პროცესში.
„გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით იდგა წლების განმავლობაში და დღესაც იგივე ვითარებაა. შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრაქტიკულ ასპექტებზე, საქართველოს და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობებზე და იმ გზაზე, რომელიც ერთად უნდა გავიაროთ. ვისაუბრეთ დახმარებაზე, რომელსაც შეიძლება რეალისტურად ველოდებოდეთ სხვადასხვა მიმართულებით – არა მხოლოდ ნატოში, არამედ, ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში. მაგრამ, ყველაზე მთავარი, ალბათ, მაინც ის არის, როცა იცი, ამხელა ქვეყანა შენს გვერდით დგას იმ რთულ გზაზე, რომელიც წარმატებით უნდა გავიაროთ“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა დევიდ ლიდინგტონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები