თბილისის საკრებულოში დედაქალაქის გარემოსდაცვითი სტრატეგია დაამტკიცეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა 34 საკითხი განიხილეს. საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის გარემოსდაცვითი სტრატეგია დაამტკიცეს.
როგორც მომხსენებელმა, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა აღნიშნა, თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია დედაქალაქის გარემოს გრძელვადიან განვითარებას განსაზღვრავს და მიზნად ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, ისახავს როგორებიცაა: ქალაქის მდგრადი განვითარების ხედვა, ადამიანებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, უარყოფითი გარემოსდაცვითი ზეგავლენების შემცირება, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. აღნიშნულ სტრატეგიას დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. დღესვე საკრებულოს წევრებმა მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესი დაამტკიცეს და მერიის სსიპ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დებულებაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. ასევე ცვლილებები შევიდა „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში“ და რამდენიმე რაიონში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტების შეთანხმება განხორციელდა.
დღესვე სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ საკრებულოს დეპუტატებს განსახილველად ოთხი საკითხი წარუდგინა. საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით, სამგორის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირთან მდებარე სკვერს ალექსანდრე ქართველის სახელი მიენიჭა. დაბა წყნეთში არსებულ ქედქეთების ქუჩას და მასთან არსებულ გასასვლელსა და შესახვევს კი სოფიკო ჭიაურელის სახელი ეწოდა. ქართველი მებრძოლის შალვა ლოლაძის სახელი დაერქვა სამგორის რაიონში იგოეთის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სამ გასასვლელს. გლდანში ომის გმირების ქუჩასთან მდებარე სკვერს კი პოეტ დათო კრაწაშვილის სახელი მიენიჭა.
საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქში არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის გაცემის თაობაზეც იმსჯელეს და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიების თავმჯდომარეები დაამტკიცეს.
აღნიშნული საკითხების განხილვა სხდომამდე საკრებულოს შესაბამის კომისიებში განხორციელდა.
სხდომას დედაქალაქის მერიისა და გამგეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.